არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან მარნეულში 21 მარტს განვითარებულ მოვლენებს, სადაც „მოძრაობა საქართველოსთვის“ აქტივისტებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად 21:00 საათზე დემონსტრაციულად დაარღვიეს გადაადგილების შეზღუდვა.
არასამთავრობოების თქმით, სწორედ ამ პროტესტის შემდეგ ხელისუფლების მიერ აქტივისტებთან აქტიურად დაკავშირების დაწყება და გამოკითხვაზე დაბარება, ე.წ. კომენდანტის საათის განმეორებით დარღვევის გამო დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება სამოქალაქო აქტივისტებს სისხლისსამართლებრივი დევნით ემუქრება.
“ის გარემოება, რომ საქმეთა დიდ ნაწილზე თვეების განმავლობაში გამოძიება არ მიმდინარეობდა და ის მხოლოდ 21 მარტის საპროტესტო აქციის შემდეგ გააქტიურდა, აჩენს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ხელისუფლება სისხლისსამართლებრივ სანქციებს გამოიყენებს, როგორც სადამსჯელო მექანიზმს, მოქალაქეთა პროტესტის ჩასახშობად.
არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საბაბით ხელისუფლება არაკონსტიტუციურად ცდილობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ამჯერად კი განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ საქმე გვაქვს მოქალაქეთა ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვის და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფრთხესთან”, — აცხადებენ ორგანიზაციები.
მათივე თქმით, აღსანიშნავია, რომ აქტივისტებმა აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ხელისუფლებამ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების თხოვნა არ გაითვალისწინა და ნოვრუზ ბაირამისთვის ერთი ღამით გადაადგილების შეზღუდვა არ მოხსნა.
“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არათანმიმდევრულია და მეტიც, დისკრიმინაციულია ეთნიკური უმცირესობების მიმართ. მთავრობას შეეძლო ამ შემთხვევაში დაეწესებინა გამონაკლისი, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც დაგეგმილია რეგულაციათა შემსუბუქება 2021 წლის 28 მარტს საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით და შეზღუდვები მოხსნილი იყო, მაგალითად, პირველი იანვრის ღამითაც. ხაზგასასმელია, რომ დისკრიმინაციული მიდგომა ხელისუფლებამ გამოავლინა მანამდეც, როდესაც მოხსნა გადაადგილების შეზღუდვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შობის აღნიშვნის დღეს (7 იანვარს), თუმცა იგივე არ გააკეთა 25 დეკემბერს.
სამწუხაროა, რომ ხელისუფლება კვლავაც განაგრძობს უმცირესობათა ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას, თუმცა კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ამ უკანასკნელზე გამოხატული პროტესტის საპასუხოდ იგი სისხლისსამართლებრივი დევნით ემუქრება სამოქალაქო აქტივისტებს”, — აცხადებენ ორგანიზაციები.
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ არ გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს, შეწყვიტოს უთანასწორო მოპყრობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ და არ გამოიყენოს სისხლისსამართლებრივი მექანიზმები აქტივისტების წინააღმდეგ შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის გამო.
განცხადებას ხელს აწერენ:
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საფარი
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia)
უფლებები საქართველო
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG)
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
რატომ არის პრობლემა ეროვნული უმცირესობების საბჭოს შექმნა დიასპორის კომიტეტის ბაზაზე