ახალი ამბები

“მეწყრული პროცესი პროგრესირებს” — ბენდელიანი ვაშლიჯვრის მეწყერზე

23 მარტი, 2021 •
“მეწყრული პროცესი პროგრესირებს” — ბენდელიანი ვაშლიჯვრის მეწყერზე

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ მეწყრული პროცესი დასტაბილურებული არ არის. ამის შესახებ ბენდელიანმა ბრიფინგზე ისაუბრა.

“ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ეს მეწყრული პროცესი არ არის დასტაბილურებული, ანუ პროგრესირებს მეწყრული პროცესი”, — განაცხადა ბენდელიანმა.

მისი თქმით, ამ დროისთვის უკვე შეჩერებულია სამუშაოები, რომელსაც შესაძლოა გავლენა ჰქონოდა მეწყრულ პროცესებზე.

რაც შეეხება მეწყრის გამაგრებით სამუშაოებს, ბენდელიანი ამ ეტაპზე ვერ ამბობს, თუ კონკრეტულად როდის დაიწყება ეს პროცესები:

“ჩვენ ვართ პირველ რიგში დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობის აღდგენა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც დავრწმუნდებით, რომ ეს იქნება სრულიად უსაფრთხო. როდესაც დავგეგმავთ, რომ კონკრეტულად რა ტიპის ღონისძიებები უნდა გატარდეს, ამის შემდეგ ზუსტ თარიღებსაც ვიტყვით, თუ როდის დაიწყება [გამაგრებითი] სამუშოები”, — განაცხადა ბენდელიანმა.

მისი თქმით, ვაშლიჯვრის მეწყერთან, მაჭავარიანის ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნალექიან ამინდებში სამშენებლო სამუშაოები სრულად შეჩერდება, ამასთან, მოხდება აღნიშნული ტერიტორიის მუდმივი მონიტორინგი.


თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.

დედამიწის შემსწავლელ მეცნეირებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტის დირექტორი, გეოლოგი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ დაძრულია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწა. თუმცა, ამ დროისთვის შეუძლებელია თქმა, რას გაანადგურებს მიწის მასა.

“გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში მშენებლობაზე” – პეტიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი