ახალი ამბები

“აუცილებელია ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურება” — გაბუნია

23 მარტი, 2021 • 640
“აუცილებელია ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის კიდევ უფრო გააქტიურება” — გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია კიდევ უფრო გააქტიურდება, რათა მოსახლეობა დაარწმუნონ მის სარგებლიანობაში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მაშინ, როდესაც NDI/CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 53 პროცენტი უარს აცხადებს ვაქცინაციაზე, ხომ არ მიუთითებს ეს საინფორმაციო კამპანიის ხასიათზე, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია პასუხობს, რომ საინფორმაციო კამპანიის წარმართვა სწორედ ასე იყო დაგეგმილი, თუმცა მისი გააქტიურება აუცილებელია.

მან ამის შესახებ დღეს, 23 მარტს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“საინფორმაციო კამპანია ნელ-ნელა იკრებს ძალას. ჩვენ საინფორმაციო კამპანია დავიწყეთ მას შემდეგ, რაც ვაქცინა ქვეყანაში შემოვიდა. განმარტება ამისი გახლდათ ის, რომ პირველი ჯგუფი ვაქცინაციისთვის იქნებოდა სამედიცინო პერსონალი, რომელსაც რეალურად აქვს საკმაოდ კარგი და ღრმა ცოდნა ვაქცინაციის პროცესის სარგებლის შესახებ და ასევე, მათ უკვე იცოდნენ, თუ რა პროგრამას შესთავაზებდათ მათ პროგრამა.

როდესაც ვსაუბრობთ ასაკოვანი ჯგუფების ჩართვასა და ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებაზე, ცალსახად დგას იმის აუცილებლობა, რომ საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს მეტად აქტიური”, – უპასუხა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტს.

შეკითხვაზე, ხომ არ იყო საჭირო საინფორმაციო კამპანიის უფრო ადრე დაწყება, გაბუნია პასუხობს, რომ კამპანია დროში სწორედ ასე იყო დაგეგმილი და ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, რომ ის ადამიანები, რომლებიც უნდობლობას უცხადებენ ვაქცინას, დარწმუნდნენ მის ეფექტურობაში.

“საინფორმაციო კამპანია არის ერთ-ერთი სტრატეგია. მე გეთანხმებით, რომ მისი აუცილებლობა აშკარად იკვეთება. ის, რომ მოსახლეობის ნახევარი ვაქცინაციას უნდობლობას უცხადებს, ესეც გასაკვირი არ არის და სწორედ ამიტომაა აქტიური საინფორმაციო კამპანია.

ფართო საინფორმაციო კამპანიის დაწყება, ასეც იყო დაგეგმილი, რადგან ზოგადად მოსახლეობის მოცვა ვაქცინაციის გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია წლის მეორე კვარტლის ბოლოდან. ამიტომ ჩვენ საკმარისი დრო გვაქვს ანტივაქსერებისა და უნდობლობით განწყობილი პირების ვაქცინის ეფექტურობაში დასარწმუნებლად”, — განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, “ვაქცინაციის პროცესის უიღბლოდ დაწყებამ ხალხში შიში და უნდობლობა დანერგა”.

“ყველაზე ეფექტური არის მაგალითი. ჩვენ ძალიან უიღბლოდ დავიწყეთ ეს კამპანია, რამაც კიდევ უფრო მეტი შიში და უნდობლობა გამოიწვია.

მოგვიწევს კიდევ უფრო დიდი ძალისხმევა, რათა ეს ნდობა აღდგეს და ეს იქნება სამედიცინო პერსონალის აქტივობა, რადგან ექიმი და ექთანი თუ არ იცრება, ძალიან ძნელია მოსახლეობის დარწმუნება, რომ ვაქცინაცია მათვის სასიკეთო იქნება”, – მიაჩნია თამარ გაბუნიას.

ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიის გაძლირების მნიშვნელობაზე ისაუბრა დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ცენტრმა მთავრობას უკვე წარუდგინა ხედვა, თუ როგორ უნდა წარიმართოს ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია. მან დახმარებისთვის მოუწოდა მედიასაშუალებებსაც.


დღეს, 23 მარტს გამოქვეყნდა NDI/CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 53 პროცენტი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინით არ აიცრება, 35% აცრაზე თანახმაა, ხოლო 12-მა პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის.

კვლევა: მოსახლეობის რამდენ პროცენტს (არ) სურს აცრა და რატომ

მასალების გადაბეჭდვის წესი