ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“შიმშილობას ვიწყებ”| მეარაყიშვილი “ახალგორის საავადმყოფოზე” ინფორმაციას ითხოვს

23 მარტი, 2021 • 1137
“შიმშილობას ვიწყებ”| მეარაყიშვილი “ახალგორის საავადმყოფოზე” ინფორმაციას ითხოვს

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ ახალგორის საავადმყოფოზე ინფორმაციის სამთვიანი უშედეგო გამოთხოვის შემდეგ შიმშილობას იწყებს.

“ზუსტად 3 თვეა ვცდილობდი, ყველა კანონიერი საშუალება გამოვიყენე მიმეღო საჯარო ინფორმაცია, რით შემიძლია ვისარგებლო მე, ერთმა ადამიანმა, ადგილზე ჯანდაცვის მომსახურეობით. ასევე, მაინტერესებდა საჯარო ინფორმაცია ხარჯების შესახებ, რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ ახალგორელებისთვის გამოყოფილ თანხებს ერთმანეთში ინაწილებს საავადმყოფოს ხელმძღვანელობა (ერთი ოჯახის წევრებია) და მათი მფარველები ჯანდაცვის სამინისტროდან. წერილებში, შეტყობინებებში ვუთითებდი ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას, თუმცა პასუხი არავინ მომცა.

გასულ კვირას აღნიშნულ საკითხზე პირადად ვაცნობე ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიას. თავიდან მოსაცილებელი – “დავინტერესდებით” – ესეც კი არ მომწერა.

მე ყველა საშუალებას მივმართე, მიმეღო ინფორმაცია და შემდეგ მესარგებლა უფასო სამედიცინო დახმარებით თუ მედიკამენტებით (თუ აქვთ ასეთი დახმარება), თუმცა ეს მცდელობა აღმოჩნდა წარუმატებელი. ამიტომ, ხელებს ვერ ჩავიქნევ – ამას ელოდება ხელისუფლება, მომავალი ორშაბათიდან ვიწყებ შიმშილობას მოთხოვნით – შესაბამისმა უწყებებმა გასცენ პასუხი ჩემგან მიღებულ წერილებს და ასევე დაასრულონ კორუფცია შ.პ.ს “ახალგორის საავადმყოფოში”,- წერს მეარაყიშვილი.

თამარ მეარაყიშვილის მიმართ დე ფაქტო რესპუბლიკაში 2017 წელს სამი სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს, მათ შორის, დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტიის მიმართ ცილისწამების მუხლით. ცილისწამების ბრალდების გარდა, ახალგორელ აქტივისტს ედავებიან რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის კიდევ ორი მუხლით: „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მიღება საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად გაყალბებული განცხადების საფუძველზე და აღნიშნული გაყალბებული დოკუმენტის გამოყენება“. მეარაყიშვილს დღემდე შეზღუდული აქვს  თავისუფალი გადაადგილება[ყველა საბუთი ჩამოართვეს] და, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში იმყოფება.

როგორც მეარაყიშვილი წერს, ხვალ, 24 მარტს, მის საქმეებზე სასამართლო სხდომები განახლდება. სასამართლო სხდომები ცხინვალში იმართება.

Posted by Tamara Mearakishvili on Monday, 22 March 2021

მასალების გადაბეჭდვის წესი