ახალი ამბები

საია ანა დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებს და დროულ გამოძიებას ითხოვს

23 მარტი, 2021 •
საია ანა დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებს და დროულ გამოძიებას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გმობს პირადი ცხოვრების უკანონო ხელყოფას, მხარდამჭერას უცხადებს ანა დოლიძეს და უკანონოდ ფარული მიყურადების ყველა მსხვერპლს.

საუბარია ტელეკომპანია „მთავარზე“, გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ გასულ სიუჟეტზე, რომლის რესპონდენტი ივანე გულაშვილი აღნიშნავს, რომ იგი იყო სახელმწიფო უსაფრთოხების თანამშრომელი  და მაღალი თანამდებობის პირების დავალებით ფარული მიყურადებისთვის ამონტაჟებდა სათვალთვალო მოწყობილობებს საჯარო პირების საცხოვრებელ სახლებსა თუ სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებებზე.

გულაშვილი ჰყვება, რომ არ იცოდა, კონკრეტულად ვის სახლში უწევდა პერიოდულად სათვალთვალო მოწყობილობების დაყენება, თუმცა ამბობს, რომ ერთ-ერთი სახლი, სავარაუდოდ, ანა დოლიძეს ეკუთვნოდა. ინტერვიუში გულაშვილი აღწერს სახლს, რომელშიც მისი თქმით ანა დოლიძის ფოტოსურათები ნახა. სახლის აღწერილობის მიხედვით ანა დოლიძემ “მთავარ არხთან” დაადასტურა, რომ აღნიშნული სახლი მართლაც მას ეკუთვნის.

საია აღნიშნავს, რომ უახლოეს წარსულში საქართველოში არსებობს ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების მძიმე გამოცდილება და შედეგები, აღნიშნული კი მოითხოვს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან დროულ, მიუკერძოებელ და ეფექტიან გამოძიებას.

“ამგვარი ხერხებით ბრძოლის ადრესატები უმეტესწილად არიან პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ქალები,  რათა პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟისა თუ გამოქვეყნების შემდეგ მოხდეს მათი პოლიტიკური თუ ჟურნალისტური საქმიანობიდან ჩამოშორება.

ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუვალია და დაუშვებელია პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევა, უკანონო ფარული ჩანაწერების გამოყენებით პირთა შანტაჟი და დევნა. აუცილებელია, რომ სახელმწიფო შესაძლო უკანონო ფარული მიყურადების ფაქტებთან დაკავშირებით ახდენდეს მყისიერ რეაგირებას და ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისამართლებრივი დევნის მექანიზმების გამოყენებით იცავდეს პირთა პირად ცხოვრებას”, — აცხადებს საია.

საია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, გადაცემა“ პოსტ ფაქტუმში“ გასული ინფორმაციის ნამდვილობის და შესაბამისი რეაგირების მიზნით დროულად დაიწყოს გამოძიება. ამასთანავე, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობასთან დაკავშირებით უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება.


ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” 21 მარტს გაავრცელა ამჟამად პატიმრობაში მყოფი სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის ინტერვიუ, რომელიც აღიარებს, რომ სხვადასხვა პერიოდში ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სხვადასხვა დავალებებს იღებდა, მათ შორის, საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვების მიზნით.

“მთავარი არხის” ცნობით, ეს ინტერვიუ ივანე/ვანო გულაშვილთან ჯერ კიდევ იმ დროს ჩაწერეს, როდესაც ეს უკანასკნელი დაკავებული არ იყო. ტელეკომპანიის ცნობით, ამ ინტერვიუს შემდეგ ის მალვე დააკავეს. “მთავარი არხის” ცნობით, გულაშვილი მათთვის მამხილებელი ჩანაწერების გადაცემასაც აპირებდა, თუმცა, გარკვეული პირობებით. ტელეკომპანიის ცნობით, გულაშვილს სუს-ის ეშინოდა და ამის გამო ფრთხილობდა.

სამართალდამცავი უწყებები არ ამბობენ, დაიწყეს თუ არა გამოძიება მის მონაყოლზე.

“უკანონო თვალთვალი”: უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება სუსის ყოფილი თანამშრომლის მონაყოლზე

მასალების გადაბეჭდვის წესი