ახალი ამბები

რეგულირების სააგენტოს შუალედური დასკვნა ამ კვირაში იქნება – ტიკარაძე ექთნის გარდაცვალებაზე

23 მარტი, 2021 • 873
რეგულირების სააგენტოს შუალედური დასკვნა ამ კვირაში იქნება – ტიკარაძე ექთნის გარდაცვალებაზე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს შუალედური დასკვნა მიმდინარე კვირაში ექნება. ამის შესახებ ტიკარაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

“როგორც კი რეგულირების სააგენტო დადებს შეუალედურ დასკვნას, მისი ხელმძღვანელი ამასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდის ელოდებიან შუალედურ დასკვნას, ტიკარაძემ უპასუხა, რომ ის “ამ კვირაში იქნება”.

მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა კვლავ ისაუბრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “რუსთავი 2”-ის ეთერში და განაცხადა, რომ ექთნის გარდაცვალების საკითხზე საუბრისას მნიშვნელვანია “არ დავასწროთ ფაქტებს, რომელსაც გამოძიება დაადგენს”.

მისი განცხადებით, რეგულირების სააგენტოსთან ერთად მეგი ბაქრაძის გარდაცვალების რეალური მიზეზების დადგენაში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც არის ჩართული, რომლის დასკვნის საფუძველზეც სამინისტროს ექნება შესაძლებლობა იმსჯელოს, იყო თუ არა კლინიკის მხრიდან რაიმე გადაცდომა.

“პირველადი მოკვლევით, რომელიც რეგულირების სააგენტოს აქვს გაკეთებული, იქ [კლინიკა “იმედში”] ყველა საჭირო მანიპულაცია დროულად ჩატარდა და ამ ეტაპზე ჩვენ დამატებით გადაცდომებზე საუბარს ალბათ მოვერიდებით, ვინაიდან არ გაგვაჩნია ამის საფუძველი. საბოლოო ჯამში, შეჯერდება რეგულირების სააგენტოს და სამხარულის დასკვნები და ამის საფუძველზე დაიდება საბოლოო დასკვნა”, – განმარტა ტიკარაძემ.

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან მეხუთე დღეს 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე გარდაიცვალა. ექთანს “ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი 18 მარტს დაუფიქსირდა. თუმცა ამ დრომდე არ არსებობს ოფიციალური სამედიცინო დასკვნა იმის შესახებ, განუვითარდა თუ არა გარდაცვლილ ექთანს ანაფილაქსიური შოკი და უკავშირდება თუ არა ის ვაქცინას.

რა (არ) ვიცით ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ამბავზე

მასალების გადაბეჭდვის წესი