საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მიშელის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება. ზურაბიშვილის თქმით, ეს ევროკავშირის მხირდან საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელების “ძლიერი ნიშანია”.
“მადლობა, ბატონო პრეზიდენტო. ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის. სანამ ჩვენ ბატონი დანიელსონის დაბრუნებას ველით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს, ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაოს”, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დღეს, 22 მარტს Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მედიაციისთვის საქართველოში დაბრუნდება.
“შევაჯამე საქართველოში მედიაციის პროცესში მიღწეული პროგრესი. საქართველოს მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ აუცილებელი კომპრომისების დროა. მედიაციის გასაგრძელებლად წარმომადგენელი უკან დაბრუნდება”, – წერს მიშელი.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციისთვის ევროპული საბჭორს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. ერთი კვირის განმავლობაში მან არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, “ქართულ ოცნებასთან”. 17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.