ახალი ამბები

რატომ შეწყდა მოლაპარაკებები — ზურაბ ჯაფარიძის ვერსია

20 მარტი, 2021 •
რატომ შეწყდა მოლაპარაკებები — ზურაბ ჯაფარიძის ვერსია

პარტიის “გირჩი — მეტი თავისუფლება” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების წარუმატებლობის მიზეზებზე წერს. მისი განცხადებით, შეთანხმებისათვის საჭირო ყველა პუნქტთან მიმართებაში “ქართული ოცნება”, ნაცვლად იმისა, რომ წასულიყო შეთანხმების შესაძლებლობისკენ, “ყოველ ჯერზე სულ უფრო შორს მიდიოდა მედიატორების მიერ შემოთავაზებული ტექსტის პირველი ვერსიიდან”.

“უნდოდათ ყოფილიყო სიცარიელე, რომელსაც მოგვყიდდნენ რეფორმად”

აღნიშნულის მაგალითად ჯაფარიძეს პროკურატურის რეფორმა მოჰყავს. მისი თქმით, მთავარი პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებული რეფორმის ტექსტი რამდენჯერმე შეიცვალა და “გაუარესდა”. “გირჩის” ლიდერის განცხადებით, ბოლოს ნათელი გახდა, რომ მედიატორები ცდილობდნენ რეფორმის ისეთი ვერსიის წარმოდგენას, რომელსაც “ქართული ოცნება” აღარ შეეწინააღმდეგებოდა.

“ტექსტის პირველ ვერსიაში ეწერა – გენერალური პროკურორის არჩევას მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტში ოპოზიციის 1/3-მა რამდენადაც ვხვდები ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ხედვიდან, რომელიც მედიატორებმა პირდაპირ ჩასვეს ტექსტში ჩვენ ამაზე დავთანხმდით.

ტექსტის მეორე ვერსიაში ეწერა – გენერალური პროკურორის არჩევას მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტში დეპუტატთა 2/3-მა აშკარა გაუარესება იყო. ჩვენ ეს ვთქვით. მაგრამ ამ ეტაპზე ვერ მივხვდით რატომ მოხდა ეს გაუარესება.

ტექსტის მესამე ვერსიაში ეწერა – გადაიხედება საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესი.

მესამე ვერსიის განხილვა უკვე ერთობლივად მოხდა, ოცნებასთან ერთად, სადაც მათ დააფიქსირეს პოზიცია, რომ:

1. შოთაძე არსად არ წავა
2. რაც არ უნდა ჩაიწეროს ამ შეთანხმების ტექსტში, ძალაში შევა შემდეგი გენ. პროკურორის არჩევის მომენტისთვის
3. ოპოზიციის 1/3-ის მხარდაჭერის ჩადება მათთვის მიუღებელია
4. პარლამენტის წევრების 2/3-ის მხარდაჭერაც მათთვის მიუღებელია, რადგან ეს საჭიროებს კონსტიტუციის ‘მუდმივ’ მუხლში ცვლილების შეტანას
5. ამიტომ თანახმა არიან მხოლოდ საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაზე… ანუ, არაფერზე.

ტექსტში უნდოდათ ყოფილიყო ჰაერი, სიცარიელე, რომელსაც მოგვყიდდნენ როგორც რეფორმას ამ დროს ჩვენთვის (ნუ ყველაზე თავს ვერ დავდებ, ზოგი ახლაც ვერ ხვდება, მაგრამ ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად) ნათელი გახდა რატომ ხდებოდა ტექსტის გაუარესება:

მედიატორები ცდილობდნენ ტექსტის ისეთი ვერსიის დადებას, რომელზეც ოცნებას აღარ ექნებოდა პრეტენზია”, — წერს ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ასე განვითარდა პროცესები არამხოლოდ პროკურატურის, არამედ ყველა სხვა რეფორმის შემთხვევაში. მათ შორის ის ახსენებს საარჩევნო სისტემას, საარჩევნო ადმინისტრაციას, სასამართლოს, პოლიტპატიმრებს, ხელახალ არჩევნებს, ძალაუფლების დანაწილებასა და სხვა პუნქტებს:

“ყველა პუნქტთან მიმართებაში, ოცნება, ნაცვლად იმისა რომ წამოსულიყო შეთანხმების შესაძლებლობისკენ, ყოველ ჯერზე სულ უფრო შორს მიდიოდა მედიატორების მიერ შემოთავაზებული ტექსტის პირველი ვერსიიდან”.

ჯაფარიძის ვერსიით, სწორედ ამიტომ შეწყდა მოლაპარაკებები. მისი განცხადებით, საქმე ოპოზიციის მხრიდან კომპრომისის საჭიროებამდე არც მისულა, ვინაიდან მედიატორებმა ვერ მოახერხებს “ქართული ოცნებისთვის” სასურველი ტექსტების დადება.

“…საბოლოო ჯამში, მედიატორებმა დაინახეს რომ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება კი არა, ან რთულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა კი არა (ვადამდელი და პოლიტპატიმრები), ოცნება მზად არაა არანაირ კომპრომისზე შარლ მიშელის არც ერთ პუნქტთან მიმართებაში, რადგან ნებისმიერი კომპრომისი მათი გადმოსახედიდან აღიქმება, როგორც უკან დახევა, სისუსტის ჩვენება – და ეს კი საფრთხეა პარტიის შიდა სტაბილურობისთვის”, – აღნიშნავს ის.

რას ამბობენ მმართველ გუნდში

წარუმატებელ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დღეს “ქართული ოცნების” ოფისშიც ისაუბრეს. პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მამუკა მდინარაძემ პროცესის შეწყვეტაში კვლავ ოპოზიცია დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მისმა წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს “ვერცერთი კომპრომისული ნაბიჯის გადმოდგმა”.

მდინარაძის თანახმად, “ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებების დროს კომპრომისული ნაბიჯები გადადგა და მზად არის, ნებისმიერ მომენტში განაგრძოს ამ თემებზე საუბარი ოპოზიციასთან.

ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად რა სახის კომპრომისული ნაბიჯები გადაიდგა ხელისუფლების მხრიდან, მდინარაძემ ისაუბრა მოლაპარაკებების დღის წესრიგზე, რომლის თანახმადაც მონაწილე მხარეებს არ აქვთ დეტალებზე საჯაროდ საუბრის უფლება. თუმცა, აქვე დასძინა, რომ კომპრომისები შეეხებოდა “რამდენიმე კონკრეტულ რეფორმას”.

მისივე განცხადებით, “ქართულ ოცნებას”, სავარაუდოდ, მოუწევს მოლაპარაკებების დეტალების გაუთქმელობის პუნქტთან დაკავშირებით ევროპელ პარტნიორებთან გასაუბრება, რათა პარტიას ჰქონდეს საშუალება, “საჯაროდ ისაუბროს”. მდინარაძის თქმით, ეს საჭიროება დგას იმ ფონზე, როცა “ერთი მხარე არღვევს ამ პირობას და ტყუილ-მართალს” ერთმანეთში ურევს.


19 მარტს ცნობილი გახდა, რომ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა. მოლაპარაკებების მედიატორი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დაბრუნდა.

დღეს, 20 მარტს, ოპოზიციამ ისაუბრა სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გულისხმობს “ხისტ და უწყვეტ პროტესტს” რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით.

ჩატარდება არაერთი აქცია, ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის — უდუმაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი