“ქართული ოცნება” ევროკავშირის მედიაციით მოლაპარაკებების წარუმატებლობაში კვლავ ოპოზიციას ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ მისმა წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს “ვერცერთი კომპრომისული ნაბიჯის გადმოდგმა”. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და თქვა, რომ “ხელოვნური კრიზისი” თვეების მანძილზე ვერ გაგრძელდება.
“ჩვენ დღეს დეტალურად ჩავაყენეთ ყველა საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას საქმის კურსში და შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ის კომპრომისული ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა ჩვენი მხრიდან და წინადადებები ისევ დევს მოლაპარაკებათა მაგიდასთან… შეუძლია ოპოზიციას, ნებისმიერ მომენტში მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხების მიმღებლობის შესახებ. ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ თემებზე საუბარი”, — აღნიშნა მან.
ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად რა სახის კომპრომისული ნაბიჯები გადაიდგა ხელისუფლების მხრიდან, მდინარაძემ ისაუბრა მოლაპარაკებების დღის წესრიგზე, რომლის თანახმადაც მონაწილე მხარეებს არ აქვთ დეტალებზე საჯაროდ საუბრის უფლება. თუმცა, აქვე დასძინა, რომ კომპრომისები შეეხებოდა “რამდენიმე რეფორმას”.
“ვფიქრობთ, რომ უნდა გადავიდეთ ახალ დღის წესრიგზე. მართლაც შეუძლებელია, რომ თვეების მანძილზე გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი.
მაშინ როცა მთავარ საკითხებად აყენებენ მათ პარლამენტში შემოსვლას და როცა უნდათ, შემოვლენ პარლამენტში; როცა აყენებენ ნიკა მელიას თემას და ნიკა მელიასაც, როცა მოუნდება, მაშინ გამოვა ციხიდან.
ამ ძალით შექმნილი კრიზისით და ამ არგუმენტებით, რომელიც მათზეა დამოკიდებული, რომ აღმოიფხვრას 1 წამში, შეუძლებელია, ჩვენ ვილაპარაკოთ, რომ კრიზისია ქვეყანაში და სხვა დღის წესრიგი ვერ იქნება”, — ამბობს მდინარაძე.
19 მარტს ცნობილი გახდა, რომ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა. მოლაპარაკებების მედიატორი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დაბრუნდა.
დღეს, 20 მარტს, ოპოზიციამ ისაუბრა სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გულისხმობს “ხისტ და უწყვეტ პროტესტს” რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით.
ჩატარდება არაერთი აქცია, ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის — უდუმაშვილი