“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, ოპოზიცია მუშაობის “საგანგებო რეჟიმზე” გადადის. ამის შესახებ მან პარლამენტთან განაცხადა. ადგილზე სხვა ოპოზიციური პარტიების წევრებიც არიან შეკრებილნი.
ოპოზიციის ლიდერებმა ისაუბრეს სამოქმედო გეგმაზე, რომელიც საპროტესტო აქციებსაც მოიცავს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.
“ჩვენს უკან არის სახელმწიფოს იდეა, რომელიც დაფუძნებულია თანასწორობაზე, სამართლიანობაზე და რომლის მიხედვითაც წასულს უნდა ჩავაბაროთ პოლიტიკური დევნა და ხელისუფლების მიტაცება არჩევნების გზით.
ამიტომ, დღეიდან, ამ წუთიდან, ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი, ვინაიდან ჩვენს უკან არის სიმართლე.
ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, თუმცა ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე. ეს მოხდება 15 მაისს”, — თქვა მან.
უდუმაშვილის თქმით, “ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყავნს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს”.
სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა გიგი უგულავამაც. მისი განცხადებით, ქართული ოპოზიციის მთავარი ამოცანა “საქართველოს გადარჩენაა”.
“მხოლოდ გააქტიურებით და მოძრაობის შევძლებთ, ვაიძულოთ ივანიშვილი, წამოვიდეს რიგგარეშე არჩევნებზე. ვერანაირი დასავლეთი ვერ გვიშველის, თუ ჩვენ არ ვიმოძრავეთ”, — თქვა მან.
19 მარტს ცნობილი გახდა, რომ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა. მოლაპარაკებების მედიატორი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დაბრუნდა.