ახალი ამბები

გაბუნია: ვაქცინაცია მრავალპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდება

19 მარტი, 2021 •
გაბუნია: ვაქცინაცია მრავალპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ასტრაზენეკას “ვაქცინით” იმუნიზაცია მრავალპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდება ისე, როგორც ეს “ფაიზერის” წარმოებული ვაქცინით უნდა განხორციელებულიყო.

როგორც გაბუნია ამბობს, იმ სამედიცინო მუშაკებს, რომლებსაც ჯავშანი ამბულატორიებში ჰქონდათ გაკეთებული, სტაციონარებში გადაამისამართებენ, სადაც რეანიმაციული განყოფილებაც ფუნქციონირებს:

“ვაქცინაციის პროგრამაში მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება ვაქცინაციის პროცესი “ასტრაზენეკას” შემთხვევაში ისევე, როგორც “ფაიზერისთვის” იყო ეს მომზადებული, გაგრძელდეს მრავალპროფილური სტაციონარების დონეზე” — ამბობს გაბუნია.

მისი თქმით, ვაქცინაციის შემდეგ სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკით გარდაცვლილი ახალგაზრდა ექთნის შემთხვევაში ყველა ჩარევა დროულად განხორიცელდა და ტრანსპორტირებაზე დრო არ დაკარგულა, რამდენადაც მისი თქმით, კლინიკაში, სადაც ექთანი იმყოფებოდა, რეანიმაციული განყოფილება ფუნქციონირებს.

გაბუნია აცხადებს, რომ როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ დაწესებულებებში, ანაფილაქსიური რეაქციის მართვისთვის საჭირო ყველა პირობა არსებობს, თუმცა დამატებითი უსაფრთხოებისთვის ვაქცინაცია იმ დაწესებულებებში გაგრძელდება, სადაც რეანიმაციული ჩარევაც იქნება შესაძლებელი საჭიროების შემთხვევაში:

“იმ რისკების გათვალისწინებით, რომ ანაფილაქსიური რეაქცია გასათვალისწინებელია და უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს, მაინც უფრო უსაფრთხო არის მრავალპროფილურ კლინიკებში ამ პროცესის გარძელება”.

როგორც გაბუნია ამბობს, აღნიშნულის საჭიროება აჩვენა ახალციხელი ექთნის შემთხვევამ.  თუმცა, ის დასძენს, რომ “ექთნის შემთხვევაში ყველა ჩარევა დროულად განხორციელდა, ერთი წუთი არ დაკარგულა ტრანსპორტირებაზე, რადგან იქვე იყო რეანიმაციული განყოფილება და პაციენტს იქვე ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები”.

მინისტრის მოადგილის თქმით, ვაქცინაცია გაგრძელება 40 მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც რეანიმაციული განყოფილებაც არსებობს.


27 წლის ახალციხელი ექთანი დღეს, 19 მარტს, გარდაიცვალა. ექთანს “ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ, 18 მარტს, დაუფიქსირდა.

ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინვე გადაიყვანეს. დღეს, 19 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ბრიტანულ-შვედური კომპანიის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „უსაფრთო და ეფექტურია. ამის შესახებ დღეს, 18 მარტს, ცოტა ხნის წინ განაცხადეს ევროპის წამლის სააგენტოს საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც „ასტრაზენეკასა“ და თრომბოზის შემთხვევებს შორის კავშირს ეხება. ევროპის წამლის სააგენტოს ჯანდაცვის ექსპერტები მთელი დღის განმავლობაში განხილავდნენ ამ საკითხს. დღეს ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ გაარძელებენ კვლევებს.

სპეციალისტების განმარტებით, ყველა ვაქცინას ახასიათებს გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება, ალერგიული რეაქცია, რომელიც იშვიათ შემთხვევებში ვლინდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი