ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა.
ტიკარაძის თქმით, შეხვედრის მიზანი იყო ილია მეორის ინფორმირება ქვეყანაში ეპიდვითარების მიმდინარეობის და ვაქცინაციის შესახებ.
“მათი მხრიდან აღქმულია ის პრობლემები, რაც გლობალურად გააჩნია დღეს სამყაროს კოვიდპანდემიასთან მიმართებაში. საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რაც იქნება გადადგმული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. დეტალურად ვისაუბრეთ ნიღბის ტარების პროცესზე, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს ერთობლივად მოვუწოდოთ, თუ რამდენად დადებითი შედეგის მომტანია სოციალური დისტანცია და ნიღბის ტარება. აღვნიშნეთ ასევე ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება”, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საპატრიარქოს მხიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია, რომ ისინი არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად უდევს მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოება.
“ჩემი მხრიდან თხოვნა შეეხებოდა სოციალური დისტანციის და ნიღბის ტარებას, ამის მეტად მოწოდებას როგორც ლოცვებში, ასევე, სხვადასხვა ქადაგებებში. ასევე, მნიშვნელოვანია, საპატრიარქოს ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა საფუძველს ემყარება ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებები ამა თუ ვაქცინასთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხოა ის და რა ტექნოლოგიებს ემყარება ვაქცინა”, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, შეხვედრა “ორმხრივი ინიციატივით” გაიმართა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პატრიარქი ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მომხრეა. ტიკარაძის თქმით, მას არ გაუცია რეკომენდაცია სასულიერო პირების საჯარო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რადგან ეს მისი პრეროგატივა არაა.
“ჩვენი მხრიდან მათი დამატებითი ჩართულობის შესახებ თხოვნა არ ყოფილა, ამაზე კითხვაც არ დამისვამს”, – თქვა ტიკარაძემ.
16 მარტს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ეკლესიას მიმართა და ვაქცინაციის პროცესში თანადგომა სთხოვა. საპატრიარქოს სპიკერმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა.