“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ შეთანხმების პროექტის პრეამბულაში, რომელიც ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი, ოპოზიციის პარლამენტში შესვლასა და 2024 წლის არჩევნებისთვის დალოდებაზეა საუბარი.
შალვა ნათელაშვილის თქმით, შესაძლო რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბარი დოკუმენტის ბოლოს, მე-4 – მე-5 პუნქტებშია:
“იწყებოდა სქემა განცხადებით, რომ ჩვენ შევდივართ პარლამენტში და ველოდებით 2024 წლის არჩევნებს. პრეამბულა ასე იწყებოდა და ასეთი პრეამბულის პირობებში, მე მაპატიეთ, მაგრამ არ წარმოვადგენ მხოლოდ შემს თავს და პარტიას, მე წარმოვადგენ ოპოზიციას და საქართველოს ყველა მოქალაქეს და მე ვერ დავიწყებ იქ დიპლომატიური ფრაზებით იმის შენიღბვას, რაც ჩემი თვალით ვნახე.
ხელახალ არჩევნებზე და პოლიტიკურ პატიმრებზე ზოგადად და მორიდებით მეოთხე-მეხუთე პუნტქებშია საუბარი. ოპოზიცია თითონ გეტყვით თავიანთ მოსაზრებას. ზოგადად, პოლიტიკური მართლმსაჯულება – ასეთი პუნქტია. იქ პატიმარზე საუბარი არ ყოფილა. მეოთხე პუნქტად არის შესაძლო რიგგარეშე/ადგილობრივი არჩევნები”, – ამბობს შალვა ნათელაშვილი.
ნათელაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნულს არ ეთანხმება და შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებზე მას შემდეგ დაბრუნდება, რაც პირველ საკითხად ვადამდელი არჩევნები იქნება დასახელებული:
“მე მინდა მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, მის წარმომადგენელს, ბატონ დანიელსონს, ელჩებს. მაგრამ ხელისუფლება, რომელიც იმართება კრემლიდან, არ იჩენს პასუხისმგებლობას კონსტრუქციულობის, ახალი არჩევნების ჩატარების და დემოკრატიის მიმართულებით. პირველ საკითხებად შემოთავაზებულია საარჩევნო და სასამართლო რეფორმის პრობლემატიკა, რომელიც უნდა იყოს ახალი არჩევნების რიცხვის შემდეგ მომდევნო საკითხი და არა პირველი. ეს არის დოკუმენტირებული შემოთავაზება.
მე განვაცხადე, რომ როგორც კი პირველ საკითხად იქნება დასახელებული ვადამდელი არჩევნების საკითხი და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, მაშინვე დავბრუნდები”, – აცხადებს ნათელაშვილი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს.
კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგში 12 მარტიდან ჩაერთო. მან არაერთი შეხვედრა გამართა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე, თუმცა ერთობლივი შეხვედრა ამ დრომდე არ გამართულა.