დღეს, 17 მარტს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა გადამწყვეტი არ იქნება.
“დღეს პირველი შეხვედრა იმართება ამ ფორმატში ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით. როგორც ვიცით, დღეს, სავარაუდოდ, შესაძლო შეთანხმების რამდენიმე პუნქტი იქნება განხილული […] დღეს გადამწყვეტი [შეხვედრა] არ იქნება”, — განაცხადა კობახიძემ.
ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა იწყება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს.
კრისტიან დანიელსონი პოლიტიკურ პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგში 12 მარტიდან ჩაერთო. მან არაერთი შეხვედრა გამართა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე, თუმცა ერთობლივი შეხვედრა ამ დრომდე არ გამართულა.