ახალი ამბები

ენმ-ის ოფისის ფასადზე მელიას ბანერისთვის სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

17 მარტი, 2021 •
ენმ-ის ოფისის ფასადზე მელიას ბანერისთვის სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე გაკრული ბანერისთვის, სავარაუდოდ, სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს და მათთვის არავის მიუმართავს.

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებული ბანერი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაზიანდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს”, — აცხადებენ შსს-ში.

დღეს, 17 მარტს, ენმ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტიის ცენტრალურ ოფისს, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს, სავარაუდოდ, იარაღით ესროლეს. ნეტგაზეთს პარტიაში უთხრეს, რომ უცნობმა პირმა ოფისზე გამოკრულ ნიკა მელიას ბანერს მანქანიდან ესროლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი