ნეტგაზეთი | 15 ორგანიზაცია ეთნიკური უმცირესობების დიასპორად განხილვას აპროტესტებს 15 ორგანიზაცია ეთნიკური უმცირესობების დიასპორად განხილვას აპროტესტებს – Netgazeti
RU | GE  

15 ორგანიზაცია ეთნიკური უმცირესობების დიასპორად განხილვას აპროტესტებს

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია უმცირესობათა საკონსულტაციო საბჭოს შექმნა დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე, რაც მათი შეფასებით, აძლიერებს ეთნიკური უმცირესობების სხვა სახელმწიფოებთან დაკავშირების წარმოდგენას.

15 მარტს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მხარი დაუჭირეს ეროვნული უმცირესობების საკითხზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნას. საბჭოს უხელმძღვანელებს დეპუტატი რიმა ბერაძე.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ზოგადად, მიესალმებიან პარლამენტში ეროვნულ უმცირესობებისთვის საკონსულტაციო მექანიზმის შექმნის იდეას, თუმცა კრიტიკას ვერ უძლებს პარლამენტის მიერ საკუთარი მოქალაქეების, საქართველოში ისტორიულად მცხოვრები ჯგუფების დიასპორად განხილვის მიდგომა, რაც ინტეგრაციის პროცესს მკვეთრად აზიანებს და არადომინანტურ ჯგუფების გაუცხოებას უწყობს ხელს. მათი შეფასებით, საკონსულტაციო საბჭო უნდა შექმნილიყო ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ბაზაზე.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, ამ დრომდე ბუნდოვანია საკონსულტაციო საბჭოს მანდატი, მიზნები და ამოცანები.

“დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის კომპეტენციაა, კოორდინაცია გაუწიოს ქართულ დიასპორას და განსაზღვროს კავკასიის ხალხებთან პოლიტიკა, ხელი შეუწყოს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან და კავკასიის ხალხებთან ურთიერთობას. ამ კომიტეტის ბაზაზე უკვე არსებობს 2017 წლის მარტში შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომლის მთავარი ამოცანაა „უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან და  კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის გაღრმავების მხარდაჭერა; მიგრაციული პროცესების რეგულაციისა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის ხელშეწყობა“. საპარლამენტო კომიტეტის ამ კომპეტენციების ფონზე გაუგებარია, რატომ იქმნება მის ბაზაზე საკონსულტაციო საბჭო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პრობლემების მოგვარების და ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც თავისი არსით უკვე ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს, ინტეგრაციის მიზნებს და ვერ ასახავს საქართველოში ისტორიულად მცხოვრები უმცირესობათა თემების სახელმწიფოებრივ იდენტიფიკაციას და რეალურ საჭიროებებს”, – ნათქვამია საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებაში.

მათი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება ცალსახად არის თანასწორობის საწინააღმდეგო, რადგან საქართველოს მოქალაქეებს ეთნიკური ნიშნით განაცალკევებს.

“ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აძლიერებს ეთნიკური უმცირესობების გეოპოლიტიკური პერსპექტივით დანახვის დისკურსს და წარმოდგენას, რომ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვა ნაცვალგების პრინციპზე დგას და სახელმწიფო იმ სტანდარტებით უნდა ეპყრობოდეს უმცირესობებს, როგორც სხვა ქვეყნები ეპყრობიან იქ მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს. ეს მიდგომა ,გარდა იმისა, რომ არადემოკრატიულია, ის არ შეესაბამება ეროვნულ ინტერესებს და ისტორიის და დღევანდელობის არასწორ გაგებაზე მიანიშნებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს:

  • დროულად გააუქმოს გადაწყვეტილება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე უმცირესობათა საკითხებზე საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ;
  • საკონსულტაციო საბჭოს მანდატის, კომპეტენციების, შემადგენლობის საკითხი დემოკრატიული კონსულტაციების პროცესის ფარგლებში დაგეგმოს, სადაც ჩართული იქნებიან ეთნიკური უმცირესობების თემების წარმომადგენლები, ორგანიზაციები, ასევე სხვა ექსპერტები და ადამიანის უფლებათა აქტორები;
  • საკონსულტაციო საბჭოს შექმნისას გაითვალისწინოს ევროპის საბჭოს მრჩეველთა კომიტეტის მიერ დადგენილი საერთაშორისო სტანდარტები და მოთხოვნები, ასევე, სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  2. პლატფორმა სალამი
  3. პანკისის სათემო ორგანიზაცია
  4. ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის
  5. ქართველ მუსლიმთა კავშირი
  6. სამოქალაქო დარბაზი
  7. სოლიდარობის პლატფორმა
  8. უფლებები საქართველო
  9. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
  10. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  11. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  12. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  13. თანასწორობის მოძრაობა
  14. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  15. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

ამ თემაზე გირჩევთ:

ეთნონაციონალიზმის წახალისება – რატომ შეუქმნა უმცირესობებს პარლამენტმა დიასპორების საბჭო 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.