ახალი ამბები

“რამდენიმე პოლიტიკურმა ფიგურამ თავი შეიკავა იმიტომ, რომ ენახა ნაკადი” — სერგეენკო ვაქცინაციაზე

17 მარტი, 2021 •
“რამდენიმე პოლიტიკურმა ფიგურამ თავი შეიკავა იმიტომ, რომ ენახა ნაკადი” — სერგეენკო ვაქცინაციაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, კორონავირუსის ვაქცინით მაღალი თანამდებობის პირები დემონსტრაციულად იმიტომ არ აიცრნენ, რომ ვაქცინაციის პირველ დღეებში ასაცრელ პირთა ნაკადს აკვირდებობდნენ.

მისი თქმით, თუ ვაქცინაციის მსურველთა ნაკადი დაბალი იქნება, მზადაა, რომ მოტივაციის გასაზრდელად საჯაროდ აიცრას.

“არსებული პროტოკოლი ითვალისწინებს მოქმედი სამედიცინო პერსონალის, ვისაც პაციენტებთან აქვს შეხება, მათ აცრას. პოლიტიკური ფიგურების ჩართვა ალბათ მნიშვნელოვანი იქნება ერთგვარი კამპანიური აქტივობისთვის. თუმცა პირველ დღეებში რამდენიმე პოლიტიკურმა ფიგურამ თავი შეიკავა იმიტომ, რომ ენახა ნაკადი. თუ იქნებოდა მოთხოვნა იმ ადამიანებისგან, ვისაც პირველ რიგში ეკუთვნოდათ, დაუთმობდა მათ ამ რიგს.

მეც, რაღაც მხრივ, პოლიტიკური ფიგურად ვითვლები. ჩემი რიგი ჯერ არ არის, რადგან მე მოქმედი ექიმი აღარ ვარ. თუ აღმოჩნდება, რომ რაღაცის გამო ნაკადი უფრო დაბალი იქნება და ჩემი აცრა იქნება მნიშვნელოვანი მოტივაციისთვის, აქვე [პარლამენტში] ტრიბუნასთან გავიკეთებ ამ აცრას”, — განაცხადა სერგეენკომ.


საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს მედპერსონალის აცრით დაიწყო. მანამდე კი, 13 მარტს ამოქმედდა ონლაინ პორტალი, სადაც აცრის გაკეთების მსურველ ჯანდაცვის მუშაკებს ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირება შეეძლოთ.

Covid-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წელს ჯანდაცვის სექტორის მუშაკების 65%-ის ანუ 46 420 მედპერსონალის აცრა იგეგმება. რაც შეეხება ქვეყნის სრულ მოსახლეობას, გეგმის მიხედვით უნდა აიცრას მოსახლეობის 60% ანუ 1 691 214 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი [NCDC]  მედპერსონალს მოუწოდებს, რომ აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რადგან ეს სხვა ადამიანებისთვისაც მაგალითი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი