ახალი ამბები

პრეზიდენტი “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრება

16 მარტი, 2021 •
პრეზიდენტი “ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრება

საქართველოს პრეზიდენტი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება.

ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე ზურაბიშვილი ვაქცინის გაკეთებისაკენ მოუწოდებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს.

საქართველოში “ასტრაზენეკას” წარმოებული კორონავირუსის ვაქცინით აცრა 15 მარტიდან დაიწყო. პირველ აცრილებს შორის არიან NCDC-ის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები — მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე და სხვა ექიმები, თუმცა ჯერჯერობით არ აცრილა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ გაცილებით უფრო მეტი ადამიანია, ვინც პირველად ვაქცინაციას საჭიროებს და შეეცდება, არ ისარგებლოს მინისტრის სტატუსით.

ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აიცრება მაშინ, როდესაც ვაქცინაციის პროგრამით მოუწევს, ამავდროულად მზადყოფნა გამოთქვა, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადაზე ადრე გააკეთოს.

ტიკარაძეს აინტერესებს, საჭირო გახდება თუ არა, ჩინური ვაქცინაც გაიკეთოს

მასალების გადაბეჭდვის წესი