პარლამენტის წევრი, ექიმი ლადო კახაძე ჩოგბურთელ ბასილაშვილს “დოჰას” ტურნირის მოგებას ულოცავს. ამის შესახებ მან დღეს, 16 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახაძე ამბობს, რომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი “გამაერთიანებელი ენერგიის წყაროა”.
“ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი მუცლად ყოფნის პერიოდში და ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ასეთი დიდი გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა და ვულოცავ მას ამ გამარჯვებას, მის მშობლებს, პირველ რიგში, ყველა იმ ადამიანს, ვინც გულშემატკივრობს. ახლა მოწინააღმდეგე ბანაკს ვეტყვი, მე ვიცი ხასიათი იმ კაცის, ყოველი თქვენი გარედან გესლი და წინააღმდეგობა გარდაიქმნება ნიკოლოზ ბასილაშვილში იმ პოტენციალში, რომ ყოველი ახალი მოწოდებით ახალ ეისს გააკეთებს და ერთი დარტყმით მოუგებს მოწინაარმდეგეს. რაც მეტს დაუპირისპირდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის. არის ასეთი ორგანო, ღვიძლი, ადამიანის ორგანიზმში, რომელიც ყველა შხამს გადახარშავს და ისევ თავისი ორგანიზმის სასიკეთო ენერგიად აქცევს. დიახ, ასეთი ენერგიის მფლობელია ეს კაცი”, — განაცხადა კახაძემ.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი ჩოგბურთელია. 2020 წლის მაისში იგი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა 100,000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა, რასაც ბასილაშვილის ოჯახი უარყოფს. დოროყაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ ბასილაშვილზე და მის ოჯახზე 6 შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.
სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა.