ახალი ამბები

“ვაქცინაციის ამ ტემპით სამიზნე მაჩვენებელს ვერ მივაღწევთ” – იაშვილის კლინიკის დირექტორი

16 მარტი, 2021 • 950
“ვაქცინაციის ამ ტემპით სამიზნე მაჩვენებელს ვერ მივაღწევთ” – იაშვილის კლინიკის დირექტორი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ფიქრობს, რომ გუშინ აცრილი მედპერსონალის რაოდენობა დაბალია და თუ ეს მაჩვენებელი შენარჩუნდება შემდეგ დღეებში, ქვეყანა ვაქცინაციის გეგმას ვერ შეასრულებს. ის იმედოვნებს, რომ კვირის ბოლომდე ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზდება. ამის შესახებ ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“ვფიქრობ, რომ ეს [გუშინ აცრილი მედპერსონალი] არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი და ასევე ვფიქრობ, რომ თუ ეს ტემპი და ეს მაჩვენებელი შენარჩუნდა შემდეგ დღეებში, ვერანაირად ვერ მივაღწევთ სამიზნე მაჩვენებელს. 668 [აცრილი] არის ძალიან დაბალი, მაგრამ ცოტათი ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს განსხვავება გუშინდელ და დღევანდელ დღეს შორის. ამ მხრივ ვფიქრობ, რომ ჩვენ რესურსი კიდევ გვაქვს და, დარწმუნებული ვარ, მომდევნო დღეების განმავლობაში უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ ეს არის უსაფრთხო ვაქცინა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ არანაირი სხვა ალტერნატივა ქვეყანას არ აქვს”, – განაცხადა ჩხაიძემ.

ჩხაიძის თქმით, თუ ვაქცინაციის მსურველი მედპერსონალის რაოდენობა არ გაიზარდა კვირის ბოლომდე, საჭირო გახდება უფრო მეტი ძალისხმევა.

ასევე, მისი თქმით, “ასტრაზენეკას” ვაქცინით მსოფლიოში 3 მილიარდამდე ადამიანის აცრა იგეგმება, სხვა კომპანიების ვაქცინებით კი, 1.5 მილიარდამდე. ამასთან, ჩხაიძის განმარტებით, ევროპის მთავარი მარეგულირებლის დასკვნით, “ასტრაზენეკას” ვაქცინა სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენების გამომწვევი არ არის.

ჩხაიძის თქმით, მიუხედავად ამისა, მედპერსონალშიც არიან ისეთი ადამიანები, ვისაც ვაქცინის ეფექტურობის არ სჯერა, თუმცა მათი არგუმენტები არ არის რეალური:

“მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის მიმართ პოზიტიური განწყობის შესაქმნელად ყველაზე მთავარი ექიმების პოზიციაა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არცერთი არგუმენტი [ვაქცინის წინააღმდეგ], რომელიც მე მოვისმინე ჩემი კოლეგებისგან, რეალური არგუმენტი არ არის”, – განმარტა ჩხაიძემ.

საქართველოში ვაქცინაცია გუშინ, 15 მარტს მედპერსონალის აცრით დაიწყო. მანამდე კი, 13 მარტს ამოქმედდა ონლაინ პორტალი, სადაც აცრის გაკეთების მსურველ ჯანდაცვის მუშაკებს ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირება შეეძლოთ. დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 16 მარტის 14 საათის მონაცემებით, 4 556 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, აცრა კი 1143-მა პირმა გაიკეთა.

Covid-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორის მუშაკების 65%-ის ანუ 46 420 მედპერსონალის აცრა იგეგმება. რაც შეეხება ქვეყნის სრულ მოსახლეობას, გეგმის მიხედვით უნდა აიცრას მოსახლეობის 60% ანუ 1 691 214 ადამიანი.

Booking.moh.gov.ge: ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის ონლაინ პორტალი ამოქმედდა

მასალების გადაბეჭდვის წესი