ახალი ამბები

მზად ვარ, საქართველოში საპარლამენტო მედიაციაში ჩავერთო – ვიოლა ფონ კრამონი

15 მარტი, 2021 • 939
მზად ვარ, საქართველოში საპარლამენტო მედიაციაში ჩავერთო – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ როგორც ევროპარლამენტში საქართველოს დემოკრატიული მხარდაჭერისა და არჩევნების საკოორდინაციო ჯგუფის წამყვანი წევრი, საქართველოს პარლამენტთან და ყველა ქართულ პარტიასთან ერთად საპარლამენტო მედიაციაში ჩაერთოს.

“აუცილებელია თანამშრომლობითა და ურთიერთპატივისცემით პოლიტიკური კლიმატის შექმნა, რაც აუცილებელია ევროპარლამენტის შუამავლობის პროცესში ჩართვისთვის. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ პარტიას, გვერდზე გადადონ პარტიულ ინტერესები, განხილვებისას ყურადღება გაამახვილონ საკუთარ მოქალაქეებზე და პატივი სცენ მათ ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს”, — აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები ევროკავშირის მედიაციით განახლდა. 12 მარტს ევროკავშირის მედიატორობით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, დანიელსონმა განაცხადა ვიზიტის ერთი დღით გახანგრძლივების შესახებ. დღეს ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი საქართველოში კიდევ რამდენიმე დღით დარჩება, რათა ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში კონკრეტულ შედეგს მიაღწიონ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი