დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 15 მარტის 11 საათისთვის ვაქცინაციის მსურველთა რეგისტრაციის პორტალზე ჯანდაცვის სექტორის 2 492 მუშაკი დარეგისტრირდა.
საქართველოში ვაქცინაცია დღეს, 15 მარტს დაიწყო. სხვა მედპერსონალთან ერთად “ასტრაზენეკას” ვაქცინა გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ და ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლებმა – მარინა ეზუგბაიამ და მარინა ენდელაძემ.
Booking.moh.gov.ge ამ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის არის ხელმისწავდომი, რადგან, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, პირველ ეტაპზე სწორედ სამედიცინო მუშაკები უნდა აიცრან.
ვაქცინაციასთან დაკავშირებული კითხვებისა და ინფორმაციისთვის ამოქმედდა ახალი ცხელი ხაზი – 15 22, რომელიც დილის 9:00 საათიდან საღამოს 23:00 საათამდე იმუშავებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის პროცესისთვის საქართველოში 82 ამცრელი ცენტრია გამზადებული.
მისი თქმით, აცრები არის უფასო და სახელმწიფო აფინანსებს როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს.
გეგმის თანახმად, სამედიცინო მუშაკების შემდეგ მოხუცთა სახლების ბენეფიციარები და მათი პერსონალი უნდა აცრან, რასაც მოსდევს ასაკობრივი კატეგორიები და ძირითადი სერვისების მიმწოდებელი პირები.
ქვეყანაში “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა და სწორედ ამ დღეს ამოქმედდა Booking.moh.gov.ge-ც.