“ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეს ოპოზიცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ გაფუჭებული საქმის გამოსასწორებლად.
ხაზარაძე აცხადებს, რომ კობახიძემ მოლაპარაკებების ცალმხრივად გაჩერება სცადა, რაც შეხვედრებზე დასმული საკითხების სიმწვავიდან გამომდინარე, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა:
“დღეს ჩვენ აქ ვართ, რომ ბატონი კობახიძის გაფუჭებული საქმე გამოსწორდეს. გუშინ რა განცხადებაც გაკეთდა, იყო არანორმალური. არ შეიძლება ასე ცალმხრივად მაგიდის აყირავება, მოლაპარაკების გაჩერება, როდესაც ასეთი დონის მედიატორები არიან ჩარეული. რა თქმა უნდა, მედიატორობა იმას ნიშნავს, რომ ძირითადი ხაზი მათ მიერ არის დასმული. ისინი უსმენენ ორივე მხარეს და ცდილობენ მათ დაახლოებას. გუშინდელი დილის განწყობა ჩემი იყო, რომ მხარეები ახლოს ვიყავით ერთმანეთთან.
იყო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ერთი საკითხი გადასაწყვეტი, მაგრამ პოზიტიურად მიდიოდა ეს პროცესი. საღამოს ვიხილეთ უცბად, როგორც არაერთხელ ვიხილეთ ბოლო თვეების განმავლობაში, ცალმხრივად მცდელობა . ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. აქ ლაპარაკია არა ოპოზიციისა და ხელისუფლების რაღაც თემის გატანაზე, არამედ ქვეყნის ახალ ლიანდაგებზე დაყენებაზე” ,— ამბობს ხაზარაძე.
მისი თქმით, კრისტიან დანიელსონმა დღევანდელ შეხვედრაზე დაადასტურა, რომ საქართველოში რჩება და მოლაპარაკებების პროცესში მედიატორობას განაგრძობს:
“ამიტომ, დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვენლოვანი იყო. გამოვასწორეთ ბატონი კობახიძის გუშინდელი შეცდომა. ბატონმა დანიელსონმა დღეს დაადასტურა, რომ იგი დარჩება საქართველოში მანამ, სანამ მხარეები არ მიაღწევენ შეთანხმებას. მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ, რომ პროცესი მივიყვანოთ ბოლომდე” ,— ამბობს ხაზარაძე.
გუშინ, 14 მარტს, “ქართული ოცნების” თამჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის მედიატორობით მიმდინარე დიალოგი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება.
პრემიერმ-ინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 15-17 მარტს გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა იმართება.
“ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში. ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია, დარჩენილი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებულები. ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
“დისკუსიები გაგრძელდება პრემიერის ვიზიტის შემდეგაც” — კობახიძე