ახალი ამბები | ,

დანიელსონი შეეცდება მანამ იყოს საქართველოში, სანამ შეთანხმება არ მოხდება – ვაშაძე

15 მარტი, 2021 | | 594
დანიელსონი შეეცდება მანამ იყოს საქართველოში, სანამ შეთანხმება არ მოხდება – ვაშაძე

დღეს, 15 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციას შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თქვა: „განსხვავებული კუთხით, წინ არ წავიწიეთ, მაგრამ მოლაპარაკება არ შეფერხდა“.

„კარგი ამბავია, რომ ბატონი დანიელსონი შეეცდება მანამ იყოს საქართველოში, სანამ შეთანხმება არ მოხდება. რომ გითხრათ, რომ რაიმე განსხვავებული კუთხით წავიწიეთ წინ, ასე არ არის, მაგრამ მივესალმები, რომ მოლაპარაკება არ შეფერხდა… ის, რაც გუშინ საღამოს „ოცნებისგან“ მოვისმინეთ, ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, მაგრამ მოლაპარაკება გრძელდება“, – ამბობს ვაშაძე ჟურნალისტებთან.

„მოლაპარაკება გაგრძელდება, ოპოზიცია მზად ვართ რაციონალური კომპრომისისთვის. დოკუმენტის შინაარსზე ღიად ვერ ვსაუბრობთ, მაგრამ მინდა ამომრჩეველს პირდაპირ ვუთხრა, რომ ვიცავთ იმ პოზიციას, რისი მანდატიც თქვენგან გვაქვს და ძირითად საკითხებს ყველანაირად დავიცავთ“, – აცხადებს ვაშაძე.

ვაშაძე ასევე დასძენს, რომ შეთანხმების სამუშაო დოკუმენტის შინაარსზე ღიად ვერ ისაუბრებს, თუმცა ბევრი საკითხია, რომელზეც ორივე მხრიდან არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.

„დოკუმენტზე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, ეს არის არც ოპოზიციისა და არც „ქართული ოცნების“ დოკუმენტი. ეს არის მედიატორების – ევროსაბჭოს პრეზიდენტის სახელით შემოთავაზებული დოკუმენტი, რომელსაც ეთანხმება ამერიკის მხარე. ჩვენც ბევრი კითხვა გვაქვს და შესაძლოა, მეორე მხარესაც ჰქონდეს“, – ამატებს ის.

კრისტიან დანიელსონის ვიზიტი საქართველოში 14 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა, დანიელსონმა განაცხადა ვიზიტის ერთი დღის გახანგრძლივების შესახებ.

“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ. ყველა მხარე ძალიან ჩართული იყო პროცესში. მხარეებზეა დამოკიდებული, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ”, – განაცხად დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონის თქმით, ის იმედოვნებდა, რომ გუშნ უკვე შეძლებდა განეცხადებინა საკითხის გადაწყვეტის შესახებ, თუმცა ამას მეტი დრო დასჭირდა.

“მიზეზი, პრეზიდენტმა მიშელმა რატომ აიღო ეს როლი და გამომგზავნა აქ, არის ის, რომ მას სჯერა საქართველოს მნიშვნელობის ევროკავშირისთვის. ამ გზაზე გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესები. ზუსტად ამიტომ ვდებთ ამდენ ძალისხმევას მხარეების დასახმარებლად. ახლა ცოტა უნდა დავიძინო და ველოდები ხვალ თქვენთან შეხვედრას”, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

კარლ ჰარცელი, კრისტიან დანიელსონი და კელი დეგნანი ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების მეორე ეტაპზე. ფოტო: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგში 12 მარტიდან ჩერთო.

ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ასევე, დისკუსიების ორი (“ქართული ოცნებასთან” კი — სამი) რაუნდი გამართა 4 ჯგუფად დაყოფილ პოლიტიკურ პარტიებთან:

  1. „ქართული ოცნება“
  2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ბლოკში მყოფი “რესპუბლიკური პარტია”
  3. “ლელო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “ერვოპული საქართველო”, “გირჩი” და “გირჩი — მეტი თავისუფლებისთვის”
  4. “ლეიბორისტული პარტია”, “მოქალაქეები” და “პატრიოტთა ალიანსი”

პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში, ასევე, ჩართული არიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

შარლ მიშელი ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომამდე ელის პროგრესს მოლაპარაკებებში.

კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ, 14 მარტს, “ქართული ოცნების” მხრიდან მომლაპარაკებლებმა, ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ განაცხადეს, რომ “ჯერ კიდევ რჩება საკითხები, სადაც საჭიროა პოზიციების დაახლოება” და დიალოგი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდებოდა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს მონაწილეობას, ბრიუსელში 16 მარტს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი