პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მონაწილეობისთვის გაემგზავრა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ასევე — ნატოში. პირველ შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 15 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან გამართავს.
16 მარტს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, გაიმართება ირაკლი ღარიბაშვილის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია.
17 მარტს საქართველოს მთავრობის მეთაურს ნატოს შტაბბინაში ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილის და იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ასევე, დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღაარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე.
ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც ორი კვირის წინ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიატორობის მიზნით ჩამოვიდა, მან თქვა, რომ მარტის შუა რიცხვებში დაელოდებიან, თუ რა შედეგი გამოიღო ამ მოლაპარაკებებმა.
მიშელი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები შედეგებს უახლოეს პერიოდში გამოიღებს