ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, პირველი, ვინც კორონავირუსის ვაქცინით დემონსტრაციულად აიცრება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე იქნება.
“ხვალ, 09:00 საათზე პაატა იმნაძე დემონსტრაციულად პირველი აიცრება ღია ეთერში, სწორედ ჩვენს დაწესებულებაში, რითაც ხაზს გაუსვამს, რომ ეს დაწესებულება არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში და ის, ვინც პირველი პაციენტი მიიღო”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძე დარწმუნებულია, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინის 43 000 დოზა ორ კვირაში დაიხარჯება და მისი დასაწყობება საჭირო არ გახდება.
“აკრძალული ხილი ყოველთვის უფრო სასურველია — როცა ვაქცინა ხელმისაწვდომი არ იყო, ყველას უნდოდა, ყველა ითხოვდა და საყვედურობდა, როგორ ვერ დავიწყეტ აქამდე ვაქცინაცია. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ ვაქცინა შემოვიდა, ეს ენთუზიაზმი შენელდა. ექიმების მხრიდან გამოითქმება მზადყოფნა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჯერ მოიცადონ, დაელოდონ შედეგებს, ნახონ რამდენად უსაფრთხო იქნება და შემდეგ აიცრან. საბედნიეროდ, ასეთი ნახევარზე ნაკლებია. ექიმების ნახევარზე მეტი აიცრებიან და მზად არიან, ყოველგვარი აგიტაცია-პროპაგანდის გარეშე აიცრან”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ელექტრონულ სისტემაში ამ დროისთვის 1 7ოო-მდე მედპერსონალია დარეგისტრირებული.
ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში დაიწყება.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 13 მარტს ჩამოვიდა.