ახალი ამბები

“ქვიარ სოლიდარობა რიონის ხეობას!” — კამპანია სოციალურ ქსელში

13 მარტი, 2021 •
“ქვიარ სოლიდარობა რიონის ხეობას!” — კამპანია სოციალურ ქსელში

ქვიარ აქტივისტებმა სოციალურ ქსელში წამოიწყეს კამპანია, რომლითაც მდინარე რიონზე ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ. ვრცელდება ტექსტიც, რომელშიც კამპანიის ინიციატორები ხსნიან, რატომ მიიჩნევენ რიონის ხეობის მკვიდრთა პროტესტს სამართლიანად.

“ქვიარ სოლიდარობა რიონის ხეობას!

დღეს სახელმწიფო გვეუბნება, რომ უნდა მოვკვდეთ, დაბინძურებული წყლით და უწყლობით, მოწამლული ჰაერით და უჰაერობით, რადგან ფულზე იცვლება ჩვენი სიცოცხლე, წყალიც, ჰაერიც და მიწაც. ის უტიფრად გვიცხადებს, რომ რიონის ხეობაში სიცოცხლის განკარგვის უფლება, „ყველა წესის დაცვით“, 99 წლით, ინვესტორს გადასცა.

გვაჯერებს, რომ ბუნების და ადამიანების წინააღმდეგ ბიზნეს გარიგებას, თურმე, განვითარება ჰქვია, რომლის სახელითაც ახლა ხეობას გველეშაპივით უნდა დაეპატრონონ, ადგილობრივები გადაასახლონ, სიცოცხლე პოლიციის ძალით ამოძირკვონ.

რიონის ხეობის მცველების ბრძოლა დღეს სამართლიანობის, საერთო სივრცისა და სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლაა. მდინარის მეორე ნაპირზე კი, ინვესტორი და სახელმწიფოა, რომელიც ბიზნეს ინტერესებს სპეცრაზმის ძალით იცავს და ამბობს, რომ ხეობის გადასარჩენად ჰომოფობები და ქსენოფობები იბრძვიან. ძველ, ნაცნობ მეთოდს იყენებს – დავყოფ და ვიბატონებო;

ჩვენ კი ვამბობთ, რომ კარგად გვახსოვს როდის გვიხსენებთ პოლიტიკოსები: ქვიარი ხომ, საჯილდაო ქვაა, რომელსაც მაშინ ეჭიდებით, როცა სიკვდილსა და შიმშილზე პასუხი არ გაქვთ.

ვინ თუ არა ჩვენ, ქვიარებმა, ვიცით, თუ რას ნიშნავს ბრძოლა სიცოცხლისა და გადარჩენისთვის, ამიტომაც, ვამბობთ, რომ რიონი დღეს ჩვენი საერთო ბრძოლაა ბიზნესთან გარიგებული ხელისუფლების წინააღმდეგ.

ეს არის ბრძოლა სიკვდილის მაწარმოებელი სისტემის წინააღმდეგ. ამიტომაც, მადლობას ვუხდით რიონის მცველებს სამაგალითო და იმედისმომცემი ერთობისთვის, და უპირობო სოლიდარობას ვუცხადებთ ხეობის გადარჩენისთვის ბრძოლაში”, — აღნიშნულია განცხადებაში

რიონზე ჰესების წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება

კვირას, 14 მარტს, ქუთაისის მთავარ მოედანზე, ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეები მორიგ საპროტესტო დემონსტრაციას გეგმავენ.

მათი ძირითადი მოთხოვნაა, გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „ენკა რინიუებლზისთვის“ აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების“ შესახებ.

აქციამდე ორი დღით ადრე, 12 მარტს, ქუთაისში ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების, ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის შეხვედრა იყო დაგეგმილი ადგილობრივ მოსახლეობასთან.

შეხვედრები ჰესის წინააღმდეგ მასშტაბურ პროტესტს მოჰყვა. გასულ და მიმდინარე კვირაში რიონის ხეობაში შეხვედრისას და პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას მინისტრებმა პირობა დადეს, რომ 12 მარტს მოსახლეობის კითხვებს უპასუხებდნენ.

თუმცა მინისტრებმა ეს შეხვედრა რამდენიმე წუთში, შეთანხმების დეტალების გამოცხადების შემდეგ, დატოვეს. ამას ადგილობრივების და არასამთავრობოების უკმაყოფილება მოჰყვა. მათ პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს.

შეხვედრის დასაწყისში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გამოაცხადა, რომ ნამახვანი ჰესის ინვესტორთან, კომპანია „ენკასთან“ დიალოგის შედეგად რამდენიმე საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს:

  • კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება ძირითადი კვლევების გადამოწმებამდე;
  • შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მლნ-იანი ფონდი;
  • ნამახვანის ინვესტორ კომპანიაში ქართველი დირექტორი დაინიშნება;
  • ნამახვანი ჰესის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო;

რას პასუხობს ეკონომიკის მინისტრი EMC-ის კითხვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი