დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის პროცესისთვის საქართველოში 82 ამცრელი ცენტრია გამზადებული. მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა, როგორ წარიმართება აღნიშნული პროცესი ქვეყნის მასშტაბით.
“ასტრაზენეკას” ვაქცინის პირველი პარტია საქართველოში 13 მარტს შემოვიდა.
გამყრელიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე, 15 მარტიდან, აცრის პროცესი 29 ცენტრში დაიწყება. 29-დან 10 პუნქტი თბილისში გაიხსნება, 4-4 — ბათუმსა და ქუთაისში, 2-2 — ზუგდიდსა და რუსთავში, დანარჩენი პუნქტები კი რეგიონულ ცენტრებში განაწილდება: თითო რეგიონულ ცენტრში 1 პუნქტი.
“17 [მარტს] ამას დაემატება 35-მდე დაწესებულება და 19 [მარტს] კიდევ 23 დაწესებულება. მთლიანად, 1 კვირის განმავლობაში, აცრის პროცესი გაიშლება ქვეყნის ყველა მუნიციპალურ ცენტრში.
ანუ, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იქნება მაქსიმალური, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს ადმინისტრირება 43 000 დოზისა, რომელიც დღეს არის შემოსული.
მოგეხსენებათ, ეს ვაქცინა კეთდება ორჯერადად, ანუ მეორე აცრა, რევაქცინაცია, იქნება 8-დან 12 კვირის ფარგლებში. ამისთვის შესაბამისი დადასტურებაა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინის 86 000 დოზა შემოვა აპრილის მეორე ნახევარში. “, — აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, ვაქცინაცია არის უფასო და როგორც ვაქცინას, ისე აცრის პროცესს, აფინანსებს სახელმწიფო.
სახელმწიფოს გეგმის თანახმად, ჯერ სამედიცინო მუშაკები უნდა აცრან, შემდეგ – მოხუცთა სახლების ბენეფიციარები და მათი პერსონალი, რასაც მოსდევს რიგი ასაკობრივი კატეგორიები და ძირითადი სერვისების მიმწოდებელი პირები.
გამყრელიძის თქმით, ვაქცინები ქვეყნის მასშტაბით 13 და 14 მარტს განაწილდება, ყველა აცრილ ადამიანს კი მიეცემა სპეციალური, ორენოვანი ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება, როდის და რომელი ვაქცინით აიცრა ის.
“ამცრელი ბრიგადები დაკომპლექტებული იქნება სამი ადამიანისგან: ამცრელი, ექიმი, რომელიც ეკითხება ასაცრელ პიროვნებას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და რეგისტრატორი, რომელსაც იმუნიზაციის ელექტრონულ სისტემაში შეჰყავს მონაცემები”, — განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა.
საქართველომ მიიღო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია