10-საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე იპოვეს. მათ აღენიშნებათ ჰიპოთერმია. მაშველების მიერ მიმდინარეობს დაშავებულების გადაყვანა ავტომობილებამდე, რათა დროულად მოხდეს მათთვის სამედიცინო დახმარების მიღება.აღნიშნულ ინფორმაციას გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მაშველების მიერ ნაპოვნია გომის მთაზე გარდაცვლილი მოქალაქეც.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მიმდინარე წლის 12 მარტს, დილის საათებში, შევიდა შეტყობინება, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი გადაადგილებას ვერ ახერხებდა. მეხანძრე-მაშველების 10- კაციანი ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე. სამსახურის ცნობით, მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამაშველო ოპერაცია გართულდა, თუმცა მოქალაქეების მოძიება რამდენიმესაათიანი ინტენსიური ღონისძიებების შედეგად მოხერხდა.