გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მაშველებმა გომის მთისკენ მიმავალ გზაზე აღმოაჩინეს თოვლსა და ქარბუქში ჩარჩენილი ახალგაზრდების თხილამურები და ჩანთა.
“ვიპოვეთ თხილამურები და ჩანთა. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები გზებზე, გზის პირებსა და ხევებში”, – განუცხადეს ნეტგაზეთს.
დამაზუსტებელ კითხვაზე, ეს ნივთები ეკუთნოდა გარდაცვლილს თუ გადარჩენილებს, გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურში გვპასუხობენ, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.
ასევე, ნეტგაზეთს ვერ დაუდასტურეს, აღმოაჩინეს თუ არა გარდაცვლილი პირის გვამი.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კურორტ გომის მთაზე ოთხი ახალგაზრდა თოვლსა და ქარბუქში მოყვა, მათგან ერთი გარდაიცვალა.
სამძებრო სამუშაოებში მკაცრი ამინდის გამო ვერ მონაწილეობს ვერტმფრენი.