ახალი ამბები

“ვადამდელი არჩევნები ერთჯერადი გამოსავალია, გვჭირდება უფრო მყარი ქმედებები” — მენაბდე

12 მარტი, 2021 •
“ვადამდელი არჩევნები ერთჯერადი გამოსავალია, გვჭირდება უფრო მყარი ქმედებები” — მენაბდე

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს ქვეყანაში გასატარებელი რეფორმების შესახებ საკუთარი ხედვები გააცნეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შარლ მიშელის წარმომადგენელთან შეხვედრაზე ისაუბრეს სასამართლო და საარჩევნო სისტემის რეფორმის, თვითმმართველობის როლისა და საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე.

როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელებმა აღნიშნეს, ვადამდელი არჩევნების საკითხი არ დაუყენებიათ, რადგან თვლიან, რომ ეს მათი პრეროგატივა არ არის.

“ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ არ გვისაუბრია. ეს არის პოლიტიკური მხარეების მოლაპარაკების თემა. ერთადერთი, საიას სახელით ვთქვი, რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნები არის ერთჯერადი გამოსავალი. ჩვენ გვჭირდება უფრო მყარი და შორს მიმავალი ქმედებები, რომლებიც მომავალში დაგვაზღვევს პოლარიზაციისგან. ეს არის ინსტიტუციური რეფორმები — სასამართლო სისტემა, ადგილობრივი თვითმმართველობა, საარჩევნო სისტემა და საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები. ეს საკითხებია ოპოზიციის როლის გაზრდა მნიშვნელოვან თანამდებობებზე დანიშვნებში, საარჩევნო სისტემის პროპორციული მიმართულებით მოძრაობა, ბუნებრივ ბარიერთან მიახლოებული პროცენტულობით, და საკითხები, რომლებიც უკავშრდება თვითმმართველობის რეფორმას”, — განაცხადა საიას წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ.

GDI-ის იურისტ გვანცა წულუკიძის თქმით, სასამართლო რეფორმა უნდა მოიცავდეს ცვლილებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის მიმართულებით.

“ვსაუბრობდით კონკრეტულ რეფორმებზე და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია გადაიდგას კრიზისის განსამუხტად. ჩემი პოზიცია იყო, რომ იმისთვის, რომ დღეს ამ სიტუაციაში განიმუხტოს დაპირისპირება, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების შედეგად დაკავებული რურუა და მელია გათავისუფლდნენ, მაგრამ ეს არ დაგვაზღვევს სამომავლოდ იმისგან, რომ დაირღვეს კონკრეტული ადამიანების უფლებები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩავატაროთ დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის- სასამართლში და პროკურატურაში”,- განაცხადა თავის მხრივ “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” დირექტორმა ეკა გიგაურმა.

კრისიტიან დანიელსონი საქართველოში დღეს, 12 მარტს, ჩამოვიდა და უკვე შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებთან და მმართველ გუნდთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი