„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ტვ პირველში შეჭრას „არავინ აპირებს“, „საპანიკო არაფერია“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არცერთ მედიასაშუალებას არ შეექმნება პრობლემები.
„მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, — ამ განცხადებას ვაკეთებ ყველა ჩემი თანაგუნდელის სახელით, — რომ საქართველოში არც ტვ პირველს და არც სხვა რომელიმე მედიასაშუალებას, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, არასდროს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„მოცემულობაც არასწორია, რომ მოითხოვა სასამართლოსგან სადღაც შეჭრა. არავინ აპირებს არსად შესვლას. პროკურატურის მიუხედავად, თქვენი [არხის] მხრიდან გაკეთდა არასწორი განცხადება. ნუ მოვიგონებთ პრობლემებს, მერე ამ მოგონილ პრობლემებზე ნუ გავბრაზდებით და ნუ შევქმნით პანიკას იქ, სადაც არათუ საპანიკო, სანერვიულოც არაფერია“, – განაცხადა მდინარაძემ და ამ სიტყვებით ტვ პირველის ჟურნალისტს მიმართა.
„მეტი სიმშვიდისთვის მოგახსენებთ, რომ არსებობს ჩანაწერი კანონმდებლობაში, რომლის თანახმადაც ჟურნალისტს, სასულიერო პირს და ა.შ., აქვს უფლება, პროფესიული საქმიანობის დროს მოპოვებული ინფო არ გადასცეს არავის და, მით უმეტეს, არ გაანდოს ინფორმაცია წყაროს შესახებ. ეს ერთი ჩანაწერიც არის გარანტირებული მზღვეველი, რომ პანიკა განზრახ არ დათესოთ“, – თქვა მდინარაძემ.
9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, „ტვ პირველიდან“ ამოიღოს კონვერტი და ელექტრომატარებელი, რომლითაც ჟურნალისტებს მიაწოდეს ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრის ჩანაწერი.
ომბუდსმენის ოფისმა სასამართლოს აღნიშნულ განჩინებას უწოდა „მძიმე პრეცედენტი“, რომლის აღსრულებამაც შესაძლოა, „სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტთა მიერ საქმიანობის თავისუფლად განხორციელება“.
თბილისის საქალაქო სასამართლო აცხადებს, რომ ტვ პირველთან დაკავშირებული განჩინების გამოცემისას „არანაირი განსხვავებული წესი არ გამოყენებულა“.
„ტვ პირველი“ აცხადებს, რომ მსგავსი მოწყობილობა, რაც განჩინებაშია მითითებული, არ აქვთ და რომც ჰქონდეთ, პროკურატურას არ გადასცემდნენ, რადგან ჟურნალისტის წყარო კანონმდებლობით დაცულია; მათი შეფასებით, სასამართლოს/პროკურატურის გადაწყვეტილება „წყაროზე გასვლის მიზანს“ ემსახურება.
ამავე დროს, ტელევიზია მზადყოფნას გამოთქვამს, გამოძიებას მიაწოდოს სრული აუდიოჩანაწერი.
„ტელევიზიას არცერთი წამით არ დავთმობთ“ — განაცხადეს არხის ჟურნალისტებმა სპეციალური მიმართვისას.
სასამართლოს განჩინება მძიმე პრეცედენტს წარმოადგენს — ომბუდსმენი “TV პირველზე”