ახალი ამბები

წერეთელი დიპლომატებს: ამ ისტერიის შეჩერება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ

11 მარტი, 2021 • 475
წერეთელი დიპლომატებს: ამ ისტერიის შეჩერება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ

ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებელი ვატო წერეთელი დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლებს მიმართავს და აცხადებს, რომ ტელევიზიის გარშემო განვითარებული მოვლენების შეჩერება მხოლოდ მათ შეუძლიათ:

“არ ვაპირებ, რამე მივმართო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რადგან ვფიქრობ, რომ ის არის ახალგაზრდებზე მოძალადე ჯალათი. არ ვაპირებ, რამე ვუთხრა მურუსიძის სასამართლოს. დღეს ხელისუფლება გავიდა კანონის ყველა ჩარჩოდან და დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს არარსებული მითიური ხელსაწყო.

მინდა ხელისუფლებას მივმართო, გამორიცხულია, თქვენ ტელეკომპანია პირველი ჩააქროთ. გამორიცხულია, თქვენ შეძლოთ კრიტიკული მედია ჩაახშოთ და ჩვენი ხმა არ ისმოდეს ამ ქვეყანაში. მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, რადგან ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ. პროკურატურას დღეს შეუძლია შემოვიდეს ძალის გამოყენებით ტელეკომპანია პირველში. ეს არის დღეს “ქართული ოცნების” დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და ტელეკომპანია პირველმა აღარ იმაუწყებლოს” ,- ამბობს ვატო წერეთელი.

ტელეკომპანია “პირველის” განცხადებით, სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ტელეკომპანიის განცხადებით, განჩინება სამაუწყებლო კომპანიაში გუშინ შევიდა.

ჟურნალისტების განცხადებით, განჩინების მიხედვით, პროკურატურამ არა ის აუდიოჩანაწერები მოითხოვა, სადაც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბარია ასახული, არამედ მოითხოვა კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი