ახალი ამბები

DRI: TV “პირველში” საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაუშვებელია

11 მარტი, 2021 • 1196
DRI: TV “პირველში” საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაუშვებელია

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” (DRI) განცხადებას ავრცელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ტელეკომპანია პირველში საგამოძიებო მოქმედების (ამოღება) ჩატარების თაობაზე გაცემულ განჩინებასთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სახელმწიფოში არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად შეზღუდავს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებას.

DRI-ის განცხადებით, შემაშფოთებელია გენერალური პროკურატურის მიერ TV “პირველის” ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყება კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევის მუხლით და საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მაშინ, როდესაც სრულიად უგულებელყოფილია გავრცელებულ ჩანაწერებში მაღალი პოლიტიკური გავლენის მქონე პირთა მიერ სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებები.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული აღრმავებს საზოგადოებაში გაჩენილ ეჭვებს სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან შერჩევითი სამართლიანობის პრინციპით მოქმედების თაობაზე.

“განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სასამართლოს განჩინება გაცემულია არა 2021 წლის 6 მარტს, გადაცემაში გასული ინფორმაციის ამოღების თაობაზე, არამედ რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ TV პირველისთვის გადაცემულ (გაგზავნილ) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობისა და აღნიშნული მოწყობილობის გადასაგზავნად გამოყენებულ კონვერტზე (ან სხვაგვარ შეფუთვაზე).

აღნიშნული ფორმულირება, საქმის კვალიფიკაციასთან ერთად, ბადებს ეჭვს, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას კონფიდენციალური წყაროს ვინაობის დადგენის მიზანი ამოძრავებს. ეს მსუსხავ ეფექტს იქონიებს სამომავლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ პოლიტიკური თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გაშუქების ფაქტებზე” ,— ვკითხულობთ განცხადებაში.

DRI აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულია ჟურნალისტის უფლება, არ გასცეს საკუთარი წყაროს ვინაობა. ორგანიზაცია უთითებს, რომ ჟურნალისტს ასევე არ ეკისრება პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოწმედ გამოცხადებისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება.

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, დაცულია არა მარტო ანონიმური წყარო, რომელიც ეხმარება პრესას საჯარო ინტერესის მქონე საკითხებზე ხალხის ინფორმირებაში, არამედ აღნიშნული ინფორმაციის მომპოვებელი/გამავრცელებელი ჟურნალისტიც.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განჩინება არის დაუსაბუთებელი და იქონიებს მნიშვნელოვან მსუსხავ ეფექტს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ პოლიტიკური თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გაშუქების ფაქტებზე”, — ნათქვამია განცხადებაში.


ტელეკომპანია “პირველის” განცხადებით, სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ტელეკომპანიის განცხადებით, განჩინება სამაუწყებლო კომპანიაში გუშინ შევიდა.

ჟურნალისტების განცხადებით, განჩინების მიხედვით, პროკურატურამ არა ის აუდიოჩანაწერები მოითხოვა, სადაც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბარია ასახული, არამედ მოითხოვა კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს.

ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით

მასალების გადაბეჭდვის წესი