საქართველოს პროკურატურა “ტვ პირველიდან” ჩანაწერების ამოღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პროკურატურა აღნიშნავს, რომ 10 მარტს, ტელეკომპანიისთვის სასამართლოს განჩინების ფოსტის საშუალებით მიწოდებამდე, საქართველოს პროკურატურის მხრიდან ,,ტელეკომპანია პირველის“ ერთ-ერთ თანამშრომელთან შედგა სატელეფონო კომუნიკაცია, რა დროსაც განემარტა, რომ სასამართლოს განჩინება შესასრულებლად გაეგზავნებოდათ ფოსტის საშუალებით და მათთვის მისაღები ფორმით, მათთვის მისაღებ დროს და ადგილას გამოძიებისთვის მოეწოდებინათ განჩინებით მოთხოვნილი მასალები. ღნიშნულზე მათ გამოთქვეს გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა.
“იმავე დღეს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც ეფუძნებოდა “ტელეკომპანია პირველის” ეთერში გასული სიუჟეტის შინაარსს, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული იქნა განჩინება ,,ტელეკომპანია პირველიდან“ იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე, რომელზეც დატანილი უნდა ყოფილიყო 6 მარტს ,,ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები”, – აცხადებს პროკურატურა.
საგამოძიებო უწყება კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას.
“მნიშვნელოვანია, რომ საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტებს უფლება აქვთ, არ გადასცენ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი, თუმცა საქართველოს პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ,,ტელეკომპანია პირველი“ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, გადმოგვცემს მათივე ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები, აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით. ასევე, ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, “ტელეკომპანია პირველს”, გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, შეუძლია, მათთვის მისაღებ დროს პროკურატურაში წარმოადგინონ მათ ხელთ არსებული ფარული ჩანაწერები და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, მიუხედავად მათ მიერ გახმიანებული პოზიციისა სასამართლოს განჩინების შინაარსთან დაკავშირებით.
სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, “ტვ პირველიდან” ამოიღოს კონვერტი და ელექტრომატარებელი, რომლითაც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრის ჩანაწერი.
ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით