ახალი ამბები

პროკურატურა: ტელევიზიაში შეჭრას არ ვაპირებთ

11 მარტი, 2021 • 993
პროკურატურა: ტელევიზიაში შეჭრას არ ვაპირებთ

საქართველოს პროკურატურის განმარტებით, ტელეკომპანია “ტვ პირველის” მიერ გახმიანებული პოზიცია, რომ საგამოძიებო ორგანოს არ მოუთხოვია ეთერში გასული ჩანაწერები, სასამართლოს განჩინების არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს და აჭიანურებს გამოძიების მიერ დაგეგმილი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

“განვარტავთ, რომ ელექტრონული ინფორმაცია, მათ შორის, აუდიოფაილები შეიძლება დატანილი იყოს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობაში, როგორიცაა ტელეფონი, ელ.დისკი, კომპიუტერი, გარე მყარი დისკი და ა.შ. და კომუნიკაციის მხარეს შეიძლება გადაეცეს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობით. საქართველოს პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ “ტვ პირველი” ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რათა ხელი არ შეგვეშალოს სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფაში. იმედი გვაქვს, “ტვ პირველი” მოგვაწვდის მათთვის წყაროს მიერ გადაცემულ აუდიოფაილებს იმ ელექტრონულ მოწყობილობასთან ერთად, რომლითაც მათ ეს ფარული ჩანაწერები მიეწოდათ”, — აცხადებს მთავარი პროკურატურა.

პროკურატურა არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა გამოიყენოს “იძულების პროპორციული ზომა”, როგორც ამის ნებართვა სასამართლომ მისცა, თუმცა აცხადებს, რომ ტელევიზიაში “შეჭრას არ აპირებს”.

“გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს პროკურატურა გეგმავს ტელვიზიაში შეჭრას, არის სიცრუე. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას, ამის დადასტურებას წარმოადგენს ჩვენ მიერ ამოღების განჩინების ტელევიზიისთვის მიწოდებაზე, მათთან წინასწარი სატელეფონო კომუნიკაცია და განჩინების მათთვის ფოსტით გაგზავნის ფაქტიც. მსგავსი სახის ინფორმაცია ცალსახად არასწორია და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას”, — ამბობს პროკურატურას.

პროკურატურის თქმით, გამოძიების მიზანია, სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება/მიღება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით და ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები.

სასამართლომ პროკურატურას  უფლება მისცა, “ტვ პირველიდან” ამოიღოს კონვერტი და ელექტრომატარებელი, რომლითაც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრის ჩანაწერი.

ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით

მასალების გადაბეჭდვის წესი