ახალი ამბები

გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს – უგულავა TV პირველზე

11 მარტი, 2021 • 612
გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს – უგულავა TV პირველზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა არ გამორიცხავს, რომ “თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს”. ასე გამოეხმაურა ის სასამართლოს მიერ პროკურატურისთვის უფლების მიცემას, TV პირველიდან მასალები ამოიღოს.

უგულუვა სოლიდარობას უცხადებს TV პირველს და აღნიშნავს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი ” ბოლო ფორპოსტია”, რასაც ჯერ ბიძინა ივანიშვილი არ შეხებია.

“არ შევალ ლეგალურ რუტინაში. პროკურატურა და სასამართლო დიდი ხანია გასულია სამართლებრივი სივრციდან. მედიას/ჟურნალისტს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს. ეს კანონი ბოლო ფორპოსტია, რასაც ივანიშვილის ბინძური ხელი ჯერ არ შეხებია. თუ გავითვალისწინებთ, რა პათოსით ისხდნენ წითელი ქოცელიტა “იმედის” ეთერში, გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს. ზუსტად ასე იყო 2002-2003 წლებში. სვლა რუსული ტიპის სახელწიფოსკენ დაჩქარდა. დღეს ამ გზაზე მთავარი წინაღობა თავისუფალი მედიაა”, — განაცხადა გიგი უგულავამ.

ტელეკომპანია “პირველის” განცხადებით, სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ტელეკომპანიის განცხადებით, განჩინება სამაუწყებლო კომპანიაში გუშინ შევიდა.

ჟურნალისტების განცხადებით, განჩინების მიხედვით, პროკურატურამ არა ის აუდიოჩანაწერები მოითხოვა, სადაც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბარია ასახული, არამედ მოითხოვა კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი