“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ამბობს, რომ სასამართლოს მიერ პროკურატურისთვის TV პირველიდან მასალების ამოღების უფლების მიცემა არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა.
მისი თქმით, ამ ფორმით დასტურდება, რომ მართლმსაჯულების სისტემა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის “ღირსების დაცვას” ემსახურება.
“მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიურ კი არა, მიმსგავსებულ ვითარებებში სამთავრობო პროპაგანდა უბინძურეს მასალებს ავრცელებდა, მართლა ფაბრიკაციას, რაც შემდგომში გაირკვა, ან ისეთ მასალებს, რომელიც საჯარო ინტერესს საერთოდ არ წარმოადგენდა, ჩვენ დღეს ვხედავთ, როცა გამოძიება დაიწყო არა იმ მიმართულებით, რომ უნდა იყოს პოტენციურად მხილებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ზეწოლის, მუქარის ფაქტები ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან, კერძოდ, დღევანდელი პრემიერ-მინისტრის, ღარიბაშვილის, ბატონი ჩუბინიძის და ბერა ივანიშვილის მიმართ, არამედ გამოიტანეს გადაწყვეტილება მედიის ჩხრეკის თაობაზე და მათი პროფესიული საიდუმლოებების, წყაროების იძულებით გაცემის თაობაზე.
არცერთ სხვა ვითარებაში არაფერი მსგავსი ნაბიჯი არ გადადგმულა და ეს უკვე საკმარისია იმის დემონსტრირებისთვის, როგორ მოქმედებს დღეს სამართლებრივი მანქანა, სასამართლოს ჩათვლით. ის არის მოწოდებული მხოლოდ ივანიშვილის პირადი ღირსების დასაცავად. ძველი ფილმი იყო ერთი, “პრინცის ოჯახის ღირსება”, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოჯახის ღირსებას ეხებოდა. მთელი ჩვენი სახელმწიფო მანქანა არის ახლა მოწოდებული მხოლოდ ამ “ღირსების” დასაცავად”, — განაცხადა ბოკერიამ.
როგორც ბოკერია ამბობს, “ივანიშვილის რეჟიმმა” იმ საშუალებების ჩახშობისა და დასჯის გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც “დისკომფორტს უქმნიან მათ ღირსებას”.
“ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი კანონი სიტყვის და თავისუფლების შესახებ, სადაც ძალიან მკაფიოდ წერია ერთი მთავარი მუხლი: პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოსთხოვოს ამ წყაროს გამხელა
სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება. ამაზე მკაფიოდ შეუძლებელია იყოს რამე ნათქვამი. აბსოლუტური პრივილეგია ამავე კანონში არის განმარტებული როგორც სრული დაცვა, გამონაკლისების გარეშე, რაც აქვს მედიას. გარდა ამისა, ეს კანონი შემდეგ აისახა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, სადაც ვკითხულობთ 41-ე მუხლს: საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ამაზე მკაფიოდ შეუძლებელია, ჩვენი კანონმდებლობა ამბობდეს იმას, რომ ის ნაბიჯი, რაც დღეს გადადგა პროკურატურამ და სასამართლომ, თავიდან ბოლომდე უკანონოა. ჩვენ ვხედავთ ჩვენივე კანონების პირდაპირ უგულებელყოფით გადადგმულ ნაბიჯს. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და არამარტო მედიისთვის საშიშ რეჟიმთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ ივანიშვილის რეჟიმზე”, — განაცხადა ბოკერიამ.
ტელეკომპანია “პირველის” განცხადებით, სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ტელეკომპანიის განცხადებით, განჩინება სამაუწყებლო კომპანიაში გუშინ შევიდა.
ჟურნალისტების განცხადებით, განჩინების მიხედვით, პროკურატურამ არა ის აუდიოჩანაწერები მოითხოვა, სადაც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბარია ასახული, არამედ მოითხოვა კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც თითქოს ჟურნალისტებს მიაწოდეს.