2015 წლის 23 ოქტომბერს უკრაინულმა ვებ-გვერდმა, wikileaks.center-მა და მასზე დაყრდნობით ქართული მედიის ნაწილმა გამოაქვეყნა ტექსტი, რომელიც თითქოსდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და უშიშროების ყოფილ მდივან გიგა ბოკერიას შორის სტამბულის ათათურქის აეროპორტში შემდგარი საუბრის სტენოგრამას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ მასალას არ ახლდა არც ფოტო, არც ვიდეო და არც აუდიოჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა, გამოქვეყნებული ტექსტი სააკაშვილ-ბოკერიას დიალოგს ასახავდა, სუს-მა მეორე დღესვე განაცხადა, რომ “კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე” დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით.
ე.წ. უკრაინული ვიკილიქსის ბმულზე და საიტზე, რომელიც სააკაშვილ-ბოკერიას მიერ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის შესახებ ინფორმაციის პირველწყაროს წარმოადგენდა, ამ დროისთვის პორნოვიდეოებია განთავსებული.
წარსული პრაქტიკისგან განსხვავებით, როდესაც საეჭვო ფარული ჩანაწერის შინაარსზე არაერთხელ დაწყებულა გამოძიება, ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრების ჩანაწერების შემთხვევაში პროკურატურა მხოლოდ კერძო საუბრის უნებართვო მიყურადება-გავრცელების ფაქტებით დაინტერესდა და არა — შესაძლო ძალადობრივი დანაშაულებით, რომლებიც ამ საუბრების შინაარსიდან იკვეთება. ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ასევე ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის კრიტიკის გამო სხვადასხვა ფორმით დააშინეს, შეავიწროეს და, რბილად თუ ხისტად, კრიტიკის წაშლა მოსთხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულის ჩადენის შესახებ მასმედიის საშუალებებით მოძიებული ცნობები კანონმდებლობით წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველია, პროკურატურას ამ საკითხებზე ჯერ გამოძიება არ დაუწყია.
რას (არ) იძიებს პროკურატურა?
6 მარტს “ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, არხისვე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი მისი მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორთა “დასჯისა” და დაშინების მეთოდებს ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან ათანხმებს.
ჩანაწერების გასვლიდან მეოთხე დღეს,~ პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ახალგაზრთა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ გამოძიება მხოლოდ 158-ე მუხლით (კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა) საკმარისი იქნებოდა იმ შემთხვევაში, ჩანაწერი რომ არ შეიცავდეს ინფორმაციას სხვა დანაშაულის შესახებ.
“სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოითხოვს, რომ ნებისმიერ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის მედიის საშუალებით გაჟღერდება და დანაშაულის ნიშნების შემცველი შეიძლება იყოს, უნდა დაიწყოს გამოძიება. ეს შეიძლება შეეხოს მტკიცებულების მოპოვების ფორმასაც და, რა თქმა უნდა, უმთავრესად გამოძიება უნდა დაიწყოს შინაარსთან მიმართებით. ამ შემთხვევაში გამოძიება მხოლოდ ფრაგმენტულად არის დაწყებული და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროკურატურის ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” სიმონიშვილმა.
პროკურატურამ გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით ექსპერტიზების ჩატარება დააანონსა. ჩანაწერებს 2010-11 წლით ათარიღებენ თავად ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე მის შინაარსს არ უარყოფენ.
შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ პროკურატურა ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურობის შემდეგ გამოიკვლევს შინაარსს? — საია-ს თავმჯდომარის აზრით, — არა.
“ცალკე არსებული ჩანაწერი კონკრეტული პირების დანაშაულებრიობას ვერ მოგვცემს, თუ სხვა მტკიცებულებებიც არ იქნება გამოკველული, მათ შორის, სავარაუდო დაზარალებულები თუ არ იქნებიან გამოკითხულები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდება. როგორ შეიძლება პროკურატურამ სწორად შეაფასოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, თუ არასწორი მიმართულებით აქვს გამოძიება დაწყებული? თუ ექპერტიზას ჩაატარებს მხოლოდ იმ მუხლთან მიმართებით, რომელზეც გამოძიებაა დაწყბული და თავიდანვე სწორ კვალიფიკაციას არ მისცემს საქმეს, სავარაუდო ძალადობრივ დანაშაულებებთან დაკავშირებით მტკიცებულებები შესაძლებელია გამოკვლევის გარეშე დარჩეს”, – ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე ყურადღებას ამახვილებს, რომ (ძალადობრივი დანაშაულებისგან განსხვავებით) სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის როგორც პირველი, ისე მეორე ნაწილი სასჯელს ითვალისწინებს არაუმეტეს 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ნიშნავს, რომ ამ დანაშუალს ხანდაზმულობის ვადა 6 წელი აქვს.
“თუ ჩანაწერები 2014 წლამდეა მოპოვებული, მაშინ მისი მოპოვებისთვის ვინმეს დასჯა დღეს უკვე შეუძლებელია. რჩება ერთადერთი – მისი გავრცელება (რაც შეიძლება გზავნილი იყოს ჟურნალისტებისადმი, გამოძიება აღიქვან ერთგვარ მუქარად). ცხადია, ჟურნალისტი არ გათქვამს ინფორმაციის წყაროს, რადგან ეს მისი პროფესიული საიდუმლოებაა და დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. და რაღა რჩება?” — წერს მშვენიერაძე.
პროკურატურა ირწმუნება, რომ ფარული ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიება “არ არის მიმართული რომელიმე ტელეკომპანიის ან ჟურნალისტის საქმიანობის მიმართ”.
ჩანაწერების გამოძიების წარსული პრაქტიკა
ფარული მიყურადება და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით ჩანაწერების გავრცელების პრაქტიკა ორი ათეული წელია ქართული პოლიტიკის თანმდევი პროცესია. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებისგან განსხვავებით, მედიას მაღალი თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის გამოქვეყნების პროფესიული ვალდებულება აქვს, ამ ქმედებების მიუკერძოებელი გამოძიება კი პროკურატურის პრეროგატივაა. თუმცა საგამოძიები უწყებების რეაგირება არაერთგვაროვანია — თუ ივანიშვილის შვილისა და მოქმედი მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულებს სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია, შინაარსთან დაკავშირებული გამოძიების დაწყება, როგორც წესი, არ აყოვნებს, თუ ფარული ნაჩაწერი ოპოზიციას “ამხელს”. მაგალითად:
- როგორც აღვნიშნეთ, 2015 წლის 24 ოქტომბერს სუს-მა დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით. სუს-მა თქვა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი “კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია” გახდა, თუმცა არ განუმარტავს, კონკრეტულად რა ინფორმაციაზე იყო საუბარი. გამოძიების დაწყებას ერთი დღით ადრე წინ უძღოდა მოსკოვში რეგისტრირებული ე.წ. უკრაინული ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებული, თითქოსდა სააკაშვილი-ბოკერიას დიალოგის სტენოგრამა სათაურით ”სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს”. იმავე წლის მაისში რეგისტრირებულ საეჭვო საიტზე განთავსებული ინფორმაციის 80% სააკაშვილის დისკრედიტაციას ემსახურებოდა. პარალელურად 24-საათიანი პატრულირება და ვიდეომონიტორინგი დაიწყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ტერიტორიაზე.
- 2015 წლის 29 ოქტომბერს საიტმა Українська революція-მ (რომელიც ამ დროისთვის აღარ ფუნქციონირებს) გამოაქვეყნა სააკაშვილი-გვარამიას და სააკაშვილი-ბოკერიას სატელეფონო ჩანაწერები, რომლებშიც საუბარი შეეხებოდა “რუსთავი 2”-ისთვის ბრძოლის გეგმას, მათ შორის, ბარიკადებისა და “ბოევიკების” გამოყენებით. გვარამიამ და ბოკერიამ ჩანაწერების ნამდვილობა დაადასტურეს. სუს-მა კი განაცხადა, რომ გავრცელებულ ჩანაწერებს სწავლობს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც უწყებამ 24 ოქტომბერს დაიწყო. 2015 წელს აღძრულ საქმეს პროკურატურა პერიოდულად უბრუნდება, მათ შორის, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროსაც. გამოძიების შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა.
- 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების წინ, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ექს-პრეზიდენტი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს რევოლუციურ სცენარზე ესაუბრებოდა. მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. გამოძიების შედეგები ამ შემთხვევაშიც უცნობია.
ამბოხება/გადატრიალების დაუსრულებელი საქმეების ქრონიკა ნახეთ აქ: ჭიკაიძიდან გახარიამდე – ამბოხება/გადატრიალების საქმეების სპირალი
“რა გამოძიება უნდა დაიწყოს?”
“ქართული ოცნების” წარმომადგენლები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ჩანაწერები, ერთი მხრივ, ფაბრიკაცია იყო, მეორე მხრივ, დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა და მის შინაარსზე გამოძიების დაწყება საჭირო არ იყო.
“რა გამოძიება უნდა დაიწყოს? რაზე უნდა დაინტერესდეს? რა შესაძლო დანაშაულის ნიშნები იკვეთება, როდინდელ ჩანაწერზეა საუბარი?” – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა.
იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და დეპუტატმა თეა წულუკიანმა კი განაცხადა, რომ პროკურორი რომ ყოფილიყო, გამოიძიებდა სწორედ იმას, ვინ ჩაიწერა “უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, რა მიზნით ჩაიწერა, შემდეგ როგორ მოხვდა ეს ჩანაწერი იქ, სადაც მოხვდა — რომელიღაც პარტიულ ტელევიზიაში, რა მიზნით დამონტაჟდა ასე უსინდისოდ ეს ჩანაწერი და რა მიზანს ისახავდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, — განაცხადა თეა წულუკიანმა.
ჩანაწერთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს ბერა ივანიშვილმა და ანზორ ჩუბინიძემ. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ “რაღაც ჩანაწერების” გავრცელების მიზანი მმართველი გუნდის გამიზნული დისკრედიტაციაა.
“ჩემთვის გასაოცარი იყო სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, დაარწმუნონ ქართველი საზოგადოება, რომ ანზორ ჩუბინიძე კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება – ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ბრალდება”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“.
მოგვიანებით სახელმწიფო დაცვის სპეცილური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ თქვა, რომ მაშინ, როცა ივანიშვილების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო, იმ პირებს სახლში აკითხავდა, ვინც ბერა ივანიშვილის მისამართით სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველ და სალანძღავ კომენტარებს ავრცელებდნენ. მისი თქმით, ჩანაწერები 2010-2011 წლების საუბრებს ასახავს, რომელიც უკანონოდ არის მოპოვებული და უკანონოდ შეინახეს, შემდეგ მოდელირება გაუკეთეს და უკანონოდ გაავრცელეს. როგორც ჩუბინიძე ამბობს, ბუნებაში არ არსებობს ადამიანი, რომელზეც ანზორ ჩუბინიძემ “ზემოქმედება” მოახდინა და მას არავისზე უძალადია.
თავად ბერა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია “პირველის” გავრცელებულ ჩანაწერებში შემდგარი საუბრები 2011 წელს შედგა, როდესაც თავად 15-16 წლის იყო. ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ამ პერიოდში მისი და მისი მხარდამჭერების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფის კამპანიას სოცქსელებში და იძულებული იყო აღნიშნული ფაქტების შესახებ დაცვის სამსახურისთვის ეცნობებინა, რომლის წარმომადგენლებიც, ბერას განცხადებით, “ყველა კანონის, ეთიკისა თუ მორალის” წესების დაცვით მიდიოდნენ ამ ადამიანებთან და სიტყვიერად აფრთხილებდნენ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” იურისტი გია გვილავა აცხადებს, რომ “ტვ პირველის” ეთერში გასულ ჩანაწერები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისად, პროკურატურა ვალდებული იყო, გამოძიება შესაძლო ძალადობრივ დანაშაულზეც დაეწყო.
“მხოლოდ ერთი მუხლით გამოძიების დაწყება პროკურატურის ტენდენციურობაზე მიუთითებს, ვინაიდან აქამდე არსებული ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება ოპოზიციის საწინააღმდეგო შეიძლება ყოფილიყო, პროკურატურა ძალიან სწრაფად რეაგირებდა. ახლა თავისივე სტანდარტი შეცვალა — მხოლოდ გავრცელებით დაინტერესდა, რაც ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტები ამ ქვეყანაში დეგრადირებულები არიან, აღარ მოქმედებენ სტანდარტულად, კონსტიტუციურ ჩარჩოში, და შეუძლებელია წინასწარ განჭვრეტა, რას იზამენ, ვინაიდან პოლიტიკური კლასის ინტერესს ატარებენ”, – განუცხადა “ნეგაზეთს” გვილავამ.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებზე გამოძიების დაწყება ამ გამოძიების სრულყოფილად და ობიექტური შედეგით დასრულებას არ ნიშნავს. გვილავა მიუთითებს, რომ წლების განმავლობაში “თაროზე შემოდებული” საქმეები პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ იარაღადაა შემონახული და მათი გააქტიურება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. თუმცა, როცა საქმე ბიძინა ივანიშვილის შვილს და მის უახლოეს გარემოცვას შეეხო, გამოძიება ფორმალურადაც არ დაწყებულა.
ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით