ახალი ამბები

თუ მოლაპარაკებები მარტის ბოლომდე არ შედგა, ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობას დავიწყებთ – ვაშაძე

10 მარტი, 2021 • 550
თუ მოლაპარაკებები მარტის ბოლომდე არ შედგა, ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობას დავიწყებთ – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ თუ “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებები მარტის ბოლომდე არ შედგება, მაშინ “ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობას” დაიწყებენ.

როგორც ვაშაძე ამბობს, “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს, რომ შეთანხმებამდე არ მივიდეს.

“ახლა ყველაფერი დამოკიდებულია “ქართულ ოცნებაზე”, რომელიც წელავს მოლაპარაკებებს და ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რომ ხვალ-ზეგ გვითხრას, რაღაც რეფორმები ვერ ესწრება, რაღაც ახალ სიტუაციას ელოდება, უნდა კიდევ რაღაც მოიქმედოს, რომ ეს პროცესი შეთანხმებამდე არ მივიდეს. მე მათ ვაფრთხილებ, „სტრატეგია აღმაშენებლის” სახელით, თუ ისინი ჩაშლიან მოლაპარაკებებს, ჩვენ ვიქნებით ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდში, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით დავიწყებთ.

იცით, რომ 20 მარტამდე შეჩერებულია ყველა პროტესტი იმისათვის, რომ “ქართულ ოცნებას” არ მივცეთ შესაძლებლობა, ხელზე დაიხვიოს რაღაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ხელი შეუშალოს მოლაპარაკებებს, მაგრამ თუ მოლაპარაკებები არ შედგა მაქსიმუმ მარტის ბოლომდე, ჩვენ ხშირად გვქონდა ხოლმე უფრო კომპრომისული პოზიციები, მაგრამ ვიქნებით ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდში”, — განაცხადა ვაშაძემ.

31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია საპარლამენტო მანდატების გამოყენებასა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ისინი ახალი არჩევნების დანიშვნასა და ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გამოშვებას ითხოვენ, რომელთაც პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. თუმცა “ქართული ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი მათთვის წითელი ხაზია, პოლიტიკური პატიმრების არსებობას კი არ აღიარებენ. ოპოზიციის ნაწილი კომპრომისის სახით ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებასაც განიხილავს.

“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ფასილიტაციით მოლაპარაკებების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა მეოთხე რაუნდის შემდეგ მოლაპარაკებები აღარ გაგრძელებულა. პირველ მარტს საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის დროს გადაწყდა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეს. თუმცა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ამ დრომდე შეხვედრა არ გამართულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი