ახალი ამბები

“არის შეურაცხყოფა, რომელსაც ვერ გაატარებ” – “ოცნების” წევრების გამოხმაურებები ბერას ინტერვიუზე

10 მარტი, 2021 • 1562
“არის შეურაცხყოფა, რომელსაც ვერ გაატარებ” – “ოცნების” წევრების გამოხმაურებები ბერას ინტერვიუზე

ჩანაწერებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც 9 მარტს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გავიდა, “ქართული ოცნების” წევრები ეხმაურებიან. მმართველი გუნდის წევრები ბერა ივანიშვილის პოზიციაში, რომ თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, “პასუხს მოსთხოვს”, “რამე განსაკუთრებულსა” და “დასაძრახს” ვერ ხედავენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ბერას ამ განცხადებას “ემოციურს” უწოდებს და ფიქრობს, რომ ეს სიტყვები “უარყოფითი დასკვნების გაკეთების საფუძველს” არ იძლევა.

“მითეთებული იყო გარკვეული ემოციური ნაწილი, როგორი იქნება დამოკიდებულება შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, ამაში ნამდვილად ვერ ვხედავ ვერაფერ ისეთს, რაც შეიძელა დასაძრახი იყოს”, — განაცხადა სარჯველაძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაური კი ამბობს, რომ შეურაცხყოფაზე პასუხის მოთხოვნა “ბუნებრივია”.

“შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბატონი ბერა ივანიშვილი იყო ძალიან გულწრფელი, ძალიან ადამიანური და ღირსებით სავსე. მინდა გითხრათ, რომ მეც და თქვენც თუ შეურაცხყოფის ობიექტი გავხდებით, ნამდვილად პასუხს მოვითხოვთ ამაზე ისევე, როგორც საქართველოს ყველა ღირსეული ადამიანი”, — განაცხადა ღუდუშაურმა.

ბერა ივანიშვილის განცხადებაში “განსაკუთრებულს” ვერაფერს ხედავს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო.

“მეც ის ინფორმაცია მაქვს, რაც მედიით ვრცელდება, რომ ეს შემთხვევა მოხდა 10- 11 წლის წინ, რომელშიც მონაწილეობდა 16 წლის მოზარდი და დანარჩენი ადამიანები არ იყვნენ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები. ჩემი შეხედულებით მან დააფიქსირა ის, რომ თუკი მისი ოჯახის შეურაცხყოფა იქნებოდა ამაზე მომავალშიც გააკეთებს რეაგირებას და ამაში რაღაც განსაკუთრებული არ მგონია, რომ იყოს”, — განაცხადა სერგეენკომ.

“ქართული ოცნების” კიდევ ერთი წევრი ნოდარ ტურძელაძე ამბობს, რომ ძალადობის წახალისებას ემიჯნება, თუმცა გარკვეულ შეურაცხყოფას “ვერ გაატარებს”.

“ბერამ რაც ისაუბრა, მე მგონი, თითოეული ქართველისთვის, თითოეული კაცისთვის არის გასაგები. როდესაც გვაყენებენ შეურაცხყოფას, აყენებენ ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, ამაზე გვაქვს რეაქცია. ამაზე განმარტებები გააკეთა ბერამ. სხვა რა უნდა გამეგო და დამენახა[…]

ძალადობას არანაირი სახით, არავითარ შემთხვევაში არ წავახალისებთ პირადად მე და არც ჩვენი გუნდი. მაგრამ არის კონკრეტული შეურაცხყოფა, რომელთან დაკავშირებითაც ვერ გაატარებ ადამიანი”, — განუცხადა “ტვ პირველს” ნოდარ ტურძელაძემ.

“ქართული ოცნების” წევრ თამარ ტალიაშვილის აზრით კი, ბერას ინტერვიუმ დაარწმუნა, რომ “HighTech ერაშიც შეუძლიათ შეინარჩუნონ უშუალობა, გულწრფელობა, ადამიანურობა”.

“ერთს ვიტყვი დღევანდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით – ბევრი წუხს, ახალი ტექნოლოგიები ახალგაზრდებში ადამიანურ გრძნობებს აუხეშებს, ემოციურ ინტელექტს აქვეითებსო. ნახეთ ეს ინტერვიუ და დარწმუნდებით, რომ ახალგაზრდებს HighTech ერაშიც შეუძლიათ შეინარჩუნონ უშუალობა, გულწრფელობა, ადამიანურობა, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა და პროვოკაციებისა.

და მაინც კვლავ გაგვახსენდა რეპრესიული, შფოთით სავსე წარსული. ის ვინც საკუთარ საუკეთესო მიღწევებსა და წარმატების ზენიტს რეჟიმის 9 წელიწადს უკავშირებს, ბუნებრივია, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად იმ წარსულის პრიზმიდან მსჯელობს, მოქმედებს და გეგმავს პოლიტიკურ სვლებს. ასეთ გარემოცვაში წარსულის შლეიფი გრძელი, მძიმე და შემაფერხებელია… ხალხს კი ევროპისკენ სვლა ჩქარი ნაბიჯებით სურს…“, — წერს დეპუტატი ფეისბუკზე


გუშინ, 9 მარტს „იმედზე“ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ პირველად ბერა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. მან თქვა, რომ არ ისაუბრებს ჩანაწერების ავთენტურობაზე, თუმცა იქვე დასძინა, რომ დღესაც იგივეს იზამს, თუ ვინმე მის ოჯახს შეაგინებს:

“მე არც დავიწყებ ამაზე კამათს, იყო თუ არა ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იმავე პოზიციაზე ვდგავარ. მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე ასეთ ადამიანს დღესაც პასუხს მოვთხოვ. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს”, – აცხადებს ბერა ივანიშვილი.

ბერა: დღესაც იმავე პოზიციაზე ვარ, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, პასუხს მოვთხოვ

 

“იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ “ტვ პირველზე” გასული ჩანაწერებში 2011 წლის საუბრებია, როდესაც თავად 15-16 წლის იყო.

ბერა ივანიშვილის თქმით, ამ პერიოდში მისი და მისი მხარდამჭერების მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფის კამპანიას და იძულებული იყო აღნიშნული ფაქტების შესახებ დაცვის სამსახურისთვის ეცნობებინა, რომლის წარმომადგენლებიც, ბერას განცხადებით, “ყველა კანონის, ეთიკისა თუ მორალის” წესების დაცვით მიდიოდნენ ამ ადამიანებთან და სიტყვიერად აფრთხილებდნენ.

კითხვაზე, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები, ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ამაზე საუბარს არ დაიწყებს, რადგან დღესაც იმავე პოზიციაზეა და თუ ვინმე მის ოჯახს შეეხება, პასუხს დღესაც მოსთხოვს:

“მე არც დავიწყებ ამაზე კამათს, იყო თუ არა ავთენტური, დაამონტაჟეს თუ არა, რადგან მე დღესაც აბსოლუტურად იმავე პოზიციაზე ვდგავარ. მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემს ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, მე ასეთ ადამიანს დღესაც პასუხს მოვთხოვ. მანახეთ ქართველი კაცი, რომელიც ამ საკითხზე სხვანაირად ფიქრობს”, – აცხადებს ბერა ივანიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი