ახალი ამბები

“TikTok-ის მენეჯერებმა მითხრეს, პირველი შემთხვევაა, ადამიანს ასე ებრძოდნენო” – ბერა ანგარიშის დაბლოკვაზე

10 მარტი, 2021 •
“TikTok-ის მენეჯერებმა მითხრეს, პირველი შემთხვევაა, ადამიანს ასე ებრძოდნენო” – ბერა ანგარიშის დაბლოკვაზე

ბერა ივანიშვილი ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ამბობს, რომ მისი TikTok ანგარიში რეპორტების გამო დაზიანდა. აღნიშნულის შესახებ ბერამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რატომ აღარ აქტიურობდა სოციალურ ქსელში:

“როდესაც გავაფორმე კონტრაქტი ერთ-ერთ ამერიკულ ლეიბლთან, ჩვენ გამოვუშვით მაშინ აუდიოსიმღერა. ეს არ იყო კლიპი, ეს იყო სიმღერა, ატვირთული Youtube-ზე, რომელსაც უბრალოდ ჩემი პორტრეტი ედო ფონად. მაშინ შემოვარდა რამდენიმე ასეული რეპორტი, რომ ეს იყო პორნოგრაფიის შემცველი კლიპი. არადა კლიპი არ იყო, სიმღერა იყო. ლეიბლის თანამშრომლები გადაირივნენ, საერთოდ რა ხდებაო. ყველა რეპორტი იყო საქართველოდან.

ამის შემდეგ რაც კი არ უნდა გამეკეთებინა მე საზღვარგარეთ, გავიხსენებ იგივე დონაციას ამაზონის ტყის ტრაგედიასთან დაკავშირებით, იქაც ბრაზილიურ მედიას აქედან ურეკავდნენ, აგინებდნენ. ბრაზილიელები მეუბნებოდნენ, შიდაპოლიტიკური გარჩევები რომ გვაქვსო, მაშინ არ ხდება მსგავსი სიტყვებით მუქარა და ლანძღვა-გინება და რა ხდება, რა ხალხი ხართო ასეთი.

იგივე ხდება ახლა ჩემს TikTok-ზე. შარშანდელი ზაფხულიდან მოყოლებული ყოველდღე არეპორტებენ ჩემს გვერდს. რამდენიმე ასეული თუ არა, ათასობით ექაუნთი, ყველა საქართველოდან. უბრალოდ დაზიანდა ჩემი ექაუნთი. როცა ვპოსტავდი ვიდეოს ჩემს შვილთან, ჩემს მეუღლესთან, იქ შედიოდა ათასობით რეპორტი, რომ ეს არის რაღაც პორნოგრაფია, რაღაც ტერორისტული მიმართვა, რაღაც სახიფათო კონტენტი. როდესაც TikTok-ის მენეჯერებს დავუკავშირდი, მითხრეს, რომ მილიარდამდე ადამიანს აქვს TikTok და ეს არის პირველი შემთხვევა ამ აპლიკაციის ისტორიაში, როცა კონკრეტულ ადამიანს ასე ებრძოდნენ. ყველაფერი კარგად იქნება და აუცილებლად აღვადგენთ და გამოვასწორებთ ამას, მაგრამ მინდოდა, რომ ეს რამდენიმე ფაქტიც მომეყოლა საზოგადოებისთვის”, – თქვა ბერა ივანიშვილმა “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი