ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების მომხსენებელია, აცხადებს, რომ ბოლო თვეებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები შეშფოთების საგანია გახდა.
ბორელის თქმით, მზარდი პოლიტიკური პოლარიზება საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას და ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს სიტუაციის დეესკალაზიის მიზნით საერთო ენის გამონახვისთვის მცდელობის გაძლიერებისკენ:
“საქართველო რჩება ევროკავშირის საკვანძო ასოცირებულ პარტნიორად. ჩვენ საქართველოსთან გვაქვს ამბიციური ასოცირების ხელშეკრულება, რომელშიც გაწერილია გადამწყვეტი საკითხები პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ, პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში ბოლო თვეების განამვლობაში შეშფოთების საგანი გახდა მზარდი პოლიტიკური პოლარიზების გამო, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას. ვფიქრობთ, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გააძლიერონ მცდელობა სიტუაციის დეესკალაციისა და საერთო ენის გამონახვისთვის”, – ამბობს ბორელი.
ბორელი აღნიშნავს, რომ ქვეყნის დემოკრატიული მომავლისა და პროგრესისთვის, აუცილებელია საარჩევნო რეფორმა, პოლიტიკური სტაბილურობა, ინკლუზიური საპარლამენტო საქმიანობა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება:
“იმედს ვიქონიებთ, ქართული პარტიები გააგრძელებენ დიალოგს. ჩვენ მივადევნებთ თვალს ამ პროცესს. ყველა მხარემ უნდა გაწიოს კომპრომისი, ქართველი ხალხის ინტერესები ყველაზე წინ უნდა დააყენონ და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შევაფასოთ პროგრესი მალე, როდესაც შევხვდებით საქართველოს პრემიერს 16 მარტს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე. იმედი მაქვს, გვექნება შესაძლებლობა ამ პროგრესზე ვისაუბროთ”, – აღნიშნავს ბორელი.