ახალი ამბები

მინდა პოლიტიკური მხარდაჭერა დავუდასტურო ღარიბაშვილს – თალაკვაძე

9 მარტი, 2021 • 645
მინდა პოლიტიკური მხარდაჭერა დავუდასტურო ღარიბაშვილს – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

“ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიც არის ვაქცინაციის დაწყება, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკის აღდგენა-ჩემი მხრიდან მინდა, პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავუდასტურო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს”,  – განაცხადა თალაკვაძემ.

6 მარტს “ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრია ბერა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან. საუბრის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე ანზორ ჩუბინიძე კი ამბობს, რომ ჩანაწერების გავრცელების მიზანი მმართველი გუნდის გამიზნული დისკრედიტაციაა.

ჩანაწერების გავრცელებიდან მეოთხე დღეს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება მხოლოდ ფარული ჩანაწერების მოპოვება-გავრცელებაზე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი