ახალი ამბები

მე რომ ვიყო პროკურორი, გამოვიძიებ, ვინ ჩაიწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა – წულუკიანი

9 მარტი, 2021 • 1208
მე რომ ვიყო პროკურორი, გამოვიძიებ, ვინ ჩაიწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა – წულუკიანი

იუსტიციის ყოფილი მინისტრის და პარლამენტის წევრის, თეა წულუკიანის თქმით, პროკურორი რომ იყოს, გამოიძიებდა, ვინ ჩაიწერა “არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილის” საუბარი.

ამის შესახებ მან “ტვ პირველზე” გასულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

“მე რომ ვიყო პროკურორი, გამოვიძიებ სწორედ იმას, ვინ ჩაიწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, რა მიზნით ჩაიწერა, შემდეგ როგორ მოხვდა ეს ჩანაწერი იქ, სადაც მოხვდა — რომელიღაც პარტიულ ტელევიზიაში, რა მიზნით დამონტაჟდა ასე უსინდისოდ ეს ჩანაწერი და რა მიზანს ისახავდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, — განაცხადა თეა წულუკიანმა.

ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრია ბერა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან. საუბრის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე ანზორ ჩუბინიძე კი ამბობს, რომ ჩანაწერების გავრცელების მიზანი მმართველი გუნდის გამიზნული დისკრედიტაციაა.

“ეს იყო გამიზნული პროვოკაცია დაფუძნებული რაღაც ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, დაარწმუნონ ქართველი საზოგადოება, რომ ანზორ ჩუბინიძე კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება – ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ბრალდება. საფუძველი არის გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“.

ჩანაწერების გავრცელებიდან მეოთხე დღეს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება მხოლოდ ფარული ჩანაწერების მოპოვება-გავრცელებაზე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.