ახალი ამბები

პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მომუშავე 8 ქალი დააჯილდოვა

9 მარტი, 2021 • 1023
პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მომუშავე 8 ქალი დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა თამარ მეფის ორდენით კულტურის სფეროში მომუშავე რვა ქალი დააჯილდოვა.

მათ შორის არიან ხელოვნებათმცოდნე ელენე კავლელიშვილი, საოპერო მომღერალი მედეა ამირანაშვილი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე, მსახიობი ნათელა მაჭავარიანი, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი, რეჟისორი ქეთი დოლიძე, ICOMOS-ის საერთაშორისო სამდივნოს მრჩეველი რუსუდან მირზიკაშვილი და ხელოვნებათმცოდნე რუსუდან წურწუმია.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ხელოვნებათმცოდნე ელენე კავლელიშვილის გარდაცვალების შემდეგ გადაეცა თამარ მეფის ორდენი ქართული ეროვნული საგანძურის კვლევასა და მის დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.

საოპერო მომღერალ მედეა ამირანაშვილს კი ჯილდო ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის მიენიჭა.

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი მზექალა შანიძე დაჯილდოვდა ქართველოლოგიის განვითარებაში, ძველი და ახალი ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის.

მსახიობ ნათელა მაჭავარიანს კი ორდენი ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის გადაეცა.

ამასთან, თამარ მეფის ორდენი მიიღო ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილმაც, რომელსაც ჯილდო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ქართული სამხატვრო ხელოვნების კვლევასა და საზღვარგარეთ პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადაეცა.

რეჟისორ ქეთი დოლიძეს კი ჯილდო ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადაეცა.

თამარ მეფის ორდენი ასევე გადაეცა ICOMOS-ის საერთაშორისო სამდივნოს მრჩეველს მსოფლიო მემკვიდრეობის ნომინაციების შეფასების საკითხებში რუსუდან მირზიკაშვილს, რომელსაც ჯილდო ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, საზღვარგარეთ პოპულარიზაციასა და საუკეთესოდ წარმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის მიენიჭა.

ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, ხელოვნებათმცოდნე რუსუდან წურწუმიამ კი ორდენი მიიღო ქართული მრავალხმიანი მუსიკის კვლევაში, საზღვარგარეთ ქართული მრავალხმიანი მუსიკისა და საქართველოში მსოფლიო მრავალხმიანი მუსიკის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოს მფლობელებს მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისათვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალების განსაკუთრებულ როლს ქვეყნის განვითარების საქმეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი