ახალი ამბები

ადამიანების მასა არჩევს მტყუან-მართალს Metoo კამპანიებით – ხვიჩია ჩანაწერებზე

8 მარტი, 2021 • 843
ადამიანების მასა არჩევს მტყუან-მართალს Metoo კამპანიებით – ხვიჩია ჩანაწერებზე

„გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია „ტვ პირველის” ეთერში გასულ ჩანაწერებზე საუბრისას ამბობს, რომ „ადამიანების მასა არჩევს მტყუან-მართალს Metoo კამპანიებით“, რაც არასწორია.

როგორც ხვიჩიამ „ტვ პირველთან“ საუბარში თქვა, ის, რომ პრემიერი ღარიბაშვილი არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას, ჩანაწერების გავრცელებამდეც მისთვის ცხადი იყო. შემდეგ კი ამბობს:

„ახლა, ამ ეთერში სასამართლოს ხომ ვერ მოვაწყობთ, რა გავიგეთ და რა ვერ გავიგეთ, მაგრამ ეს Metoo კამპანია, რომელიც არის აგორებული ამ წუთის მოცემულობით, ჰგავს შუასაუკუნეობრივ პროცესს ადამიანის გასამართლების, სადაც ლაფს ესროდნენ ან ქვას, ან კეტს – ჩაქოლვის პროცესს, ზოგადად. ვინმე დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე, ამის მიუხედავად ძალიან ცუდი ფორმაა მართლმსაჯულების აღსრულებისთვის.

ჩემი აზრით, ასე უნდა შევხედოთ ამ საკითხს – Metoo კამპანიებით არ წყდება, ვინ მტყუანია და ვინ მართალი და ზოგადად,  მართლმსაჯულების საკითხები. ბიძინა ივანიშვილის მთავარი დანაშაული, მათ შორის საკუთარი შვილის წინაშეც, არის ის, რომ ჩვენ არ შეგვიქმნა მან ის ადგილი, სადაც ბერას შეეძლებოდა მისვლა და ლაპარაკი. მისი მხრიდან ნანახი რეალობის ახსნა, ფაქტობირვად. ახლა ჩვენ მას ვასამართლებთ ყველაზე ცუდი მსაჯულით, ადამიანების მასა არჩევს მტყუან-მართალს Metoo კამპანიებით, ეს არ შეიძლება სწორი იყოს. ჩვენ ამაზე უნდა დავფიქრდეთ, გვინდა თუ არა, რომელიმე ჩვენგანი ყოველგვარი დეტალების გააზრების გარეშე მასამ გაგვასამართლოს“, – განმარტავს ხვიჩია.

Metoo მოძრაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2017 წელს ცნობილი ამერიკელი კინოპროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი არაერთმა ქალმა სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში დაადანაშაულა. #Metoo-ს (ქართულაც – მეც) ფარგლებში დღემდე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები თავიანთ ისტორიებს ყვებიან.

საბოლოოდ ჰარვი ვაინშტაინი 23 წლით პატიმრობა შეეფარდა.


“ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრია ბერა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან. საუბრის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე ანზორ ჩუბინიძე კი ამბობს, რომ ჩანაწერების გავრცელების მიზანი მმართველი გუნდის გამიზნული დისკრედიტაციაა.

“ეს იყო გამიზნული პროვოკაცია დაფუძნებული რაღაც ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, დაარწმუნონ ქართველი საზოგადოება, რომ ანზორ ჩუბინიძე კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება – ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ბრალდება. საფუძველი არის გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“

“ქართული ოცნების” განცხადებით, ჩანაწერები “კუდის” მიერაა მოპოვებული 2010-11 წლებში. მმართველი პარტიაში ჩანაწერების გავრცელებას მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით ხსნიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი