ახალი ამბები

ოპოზიცია მოლაპარაკებებში ღარიბაშვილის მონაწილეობას არ შეეწინააღმდეგება

8 მარტი, 2021 • 548
ოპოზიცია მოლაპარაკებებში ღარიბაშვილის მონაწილეობას არ შეეწინააღმდეგება

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საერთო შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, რომ საფრთხეს არ შეუქმნიან ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს ირაკლი ღარიბაშვილის საბაბით.

მოლაპარაკაბებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც 6 მარტს “ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

ჩანაწერების ეთერში გასვლის შემდეგ პარტია “ლელომ” განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა მიუღებელია. “ქართულ ოცნებას” მოლაპარაკებების მაგიდასთან ღარიბაშვილის ჩანაცვლებისკენ მოუწოდებენ სხვა პარტიებიც, თუმცა აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკებების ჩაშლის გამო ოპოზიციისკენ ხელის გაშვერის საშუალებას არ მისცემენ.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს, არ მიიყვანს სიტუაციას კრიზისის განხმუხტვამდე, უფრო პირიქით. ამიტომ გვინდა მოვუწოდოთ “ქართულ ოცნებას”, თავი შეიკავოს ამ პროვოკაციული ნაბიჯისგან, რაუნდები, თუ ასეთი იქნება, წარმოდგენილი იყოს სხვა ლიდერებით. ამასთანავე, ჩვენ “ქართულ ოცნებას” არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება, რომელმაც კრიზისი უნდა განმუხტოს”, — განაცხადა გიგი უგულავამ.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ იმ ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ნორმალურ ქვეყანაშ, არამარტო მოლაპარაკების პროცესიდან, პრემიერ-მინისტრობიდან გადააყენებდნენ.

“მაგრამ იმ ვითარებაში, სადაც ჩვენ ვართ, ჩვენი პოზიციაა, რომ ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ დამატებითი მიზეზი მოლაპარაკებების ჩაშლისთვის. მთავარია შედეგი, საზოგადოება ჩვენგან შედეგს ელოდება. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საშუალება ვადამდელი არჩევნებია. ყველა პარტია ერთიანია პოზიციაში, რომ ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ დამატებითი მიზეზი მოლაპარაკების ჩაშლისთვის”, — ამბობს მანჯგალაძე.

“ლელოს” წევრმა საბა ბუაძემ ოპოზიციის საერთო შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა რომ “ლელოს” პოზიცია უცვლელია.

“ლელოს” პოზიცია იგივე რჩება, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ღარიბაშვილი აქამდე ამ მოლაპარაკებებში ისედაც არ მონაწილეობდა, არ მოხდეს ისე, რომ ღარიბაშვილის ფაქტორით მოხდეს მოლაპარაკებებისთვის საფრთხის შექმნა”, — განაცხადა საბა ბუაძემ.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კი შეხვედრამდეც აცხადებდა მოლაპარაკებებში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით “იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც აქვს ზოგიერთ ადამიანს”.

 “ვის დაველაპარაკებით მათი წასვლის ისეთ ფორმაზე, რომელიც არის ქვეყნის ინტერესში, ნაკლები ზიანით და ნაკლები რისკით ქვეყნისთვის, ეს ნაკლები რისკით წასვლა არის არჩევნების გზით წასვლა და ამომრჩევლის ნებასთან შეგუება. არ ვიზიარებ იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც აქვს ზოგიერთ ადამიანს. თუ ისტორიული პარალებები გვინდა და არა იდენტური, ჩვენ ვესაუბრებოდით თავის დროზე შევარდნაძესა და ასლან აბაშიძეს. ვინც ბოლომდე შეტოპავს ასეთი რეჟიმებიდან, მათ დრამატული ბედი ელოდებათ”, — განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით

მასალების გადაბეჭდვის წესი