პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, არ ჰგონია, რომ საკმარისი საფუძველი არსებობდეს, “ტვ პირველის” ეთერში გასულ ჩანაწერებზე გამოძიება დაიწყოს.

“გამოძიებას აქვს გარკვეული წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც არსებობს საფუძველი გამოძიების დაწყებისთვის. არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი. ეს არის 2010-2011 წლების ჩანაწერებიდან გაკეთებული კომპილაციებიო, ხომ იყო ეს ნათქვამი? გამოძიებისთვის თუ არსებობს საკმარისი წინაპირობები, ასეთ შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში არსებობს თუ არა, ამას შეაფასებენ. გამოძიება იწყება, როდესაც ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს. ასე არ შეიძლება ყველაფერზე ვამტკიცებდეთ ისეთი სუბიექტური დამოკიდებულებით, როგორც ამ შემთხვევაშია საუბარი”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ნეტგაზეთი მეორე დღეა ცდილობს პროკურატურისგან გაიგოს, დაიწყო თუ არა ტვ პირველის” ეთერში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება. თუმცა უწყებისგან ჯერჯერობით პასუხი ვერ მივიღეთ.

“ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრია ბერა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან. საუბრის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე ანზორ ჩუბინიძე კი ამბობს, რომ ჩანაწერების გავრცელების მიზანი მმართველი გუნდის გამიზნული დისკრედიტაციაა.

“ეს იყო გამიზნული პროვოკაცია დაფუძნებული რაღაც ჩანაწერებზე, თუმცა ჩემთვის გასაოცარი იყო სიღრმე უტიფრობისა და აბსურდულობისა. აბსურდული მცდელობა, დაარწმუნონ ქართველი საზოგადოება, რომ ანზორ ჩუბინიძე კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა ბავშვებს დასდევს და უსწორდება – ამას იუმორის გარეშე ვერ მივიღებ. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ბრალდება. საფუძველი არის გამიზნული დისკრედიტაცია მმართველი გუნდის და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების”, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“

“ქართული ოცნების” განცხადებით, ჩანაწერები “კუდის” მიერაა მოპოვებული 2010-11 წლებში. მმართველი პარტიაში ჩანაწერების გავრცელებას მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით ხსნიან.