ახალი ამბებისამართალი

“მიმდინარეობს გამოძიება” — არც ეს იქნება?

9 მარტი, 2021 • 2328
“მიმდინარეობს გამოძიება” — არც ეს იქნება?

განახლება [12:25, 9 მარტი] — სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ გამოძიება მხოლოდ ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით დაიწყო და არა – შინაარსთან დაკავშირებით. 

3 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც “ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, არხისვე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი მისი მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორთა “დასჯისა” და დაშინების მეთოდებს ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან ათანხმებს. ამავე პერიოდში, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც ასევე ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ვაჟის კრიტიკის გამო სხვადასხვა ფორმით დააშინეს, შეავიწროეს და, რბილად თუ ხისტად, კრიტიკის წაშლა მოსთხოვეს.

საგამოძიებო ორგანოებისგან ჯერ არაფერი გაგვიგია. მათ შორის, არც ცნობილი ფრაზა “მიმდინარეობს გამოძიება”. მმართველ გუნდში გამოძიების საჭიროებას ვერ ხედავენ და კვლავ “ფაბრიკაციაზე” საუბრობენ. სხვა პოზიციაზეა  არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და სპეციალისტი, რომლებიც ფიქრობენ, რომ პროკურატურის რეაგირება აუცილებელია, ვინაიდან სახეზეა სხვადასხვა დანაშაულის ნიშნები.

ჩანაწერების შემდეგ: რას ჰყვებიან ადამიანები

ამბავი 1

ჩანაწერების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მედიას თავისი ამბავი ჟურნალისტმა ტატო ცეცხლაძემ გაუზიარა. ცეცხლაძე, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ უსიამოვნებას 2016 წელს გადააწყდა. მაშინ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი იყო, თუმცა შვებულების დროს ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობდა.

როგორც ყვება, რესტორანს ბერა ივანიშვილი ესტუმრა და იქიდან ისე წავიდა, რომ ე.წ. ჩაის ფული არ დაუტოვებია. ამაზე ცეცხლაძემ “ფეისბუქზე” სტატუსი დაწერა, რასაც, მისი განცხადებით, მალევე მოჰყვა რეაგირება.

“ნახევარ საათში ობიექტზე გაჩნდნენ რესტორნის მფლობელი და მენეჯერი. მფლობელმა მთხოვა, წამეშალა ეს სტატუსი და დამეწერა ახალი, რომელშიც ბოდიშს მოვიხდიდი, რაზეც მე უარი განვაცხადე და ვთქვი, რომ ეს იყო ჩემი აზრი, რომელიც ჩემივე სოციალურ ქსელში დავაფიქსირე”, — აღნიშნავს ტატო ცეცხლაძე.

ტატო ცეცხლაძე

როგორც ამბობს, ამის შემდეგ რესტორნის მფლობელს დაუკავშირდა უცნობი პირი, ცეცხლაძის ვარაუდით, ბერა ივანიშვილის დაცვის წევრი. აღნიშნულის შემდეგ კი, ტატო ცეცხლაძის თქმით, საუბარში უშუალოდ ბერა ივანიშვილი ჩაერთო. რესტორნის მფლობელმაც ტელეფონი ფეისბუკ სტატუსის ავტორს მიაწოდა.

“ბერა ივანიშვილი მაყენებდა შეურაცხყოფას, იყენებდა უცენზურო სიტყვებს. მეუბნებოდა, რომ მდიდარი ადამიანის შვილი ვნახე და მისით მინდოდა ფულის გაკეთება, რომ ვიყავი მიგზავნილი. დაახლოებით 1 ან 1.5 წუთს გაგრძლელდა საუბარი, [შეურაცხმყოფელი სიტყვების შემდეგ] ტელეფონი ძირს დავახეთქე”, — აღნიშნავს ის.

ტატო ცეცხლაძის თქმით, როცა რესტორნიდან გავიდა და ბულვარისკენ გაემართა, შენიშნა, როგორ მიჰყვებოდა რამდენიმე ავტომობილი დაბურული მინებით. ის ამ ფაქტს დაშინების მცდელობით ხსნის და ამავე უსიამოვნებას უკავშირებს ორი კვირის შემდგომ მომხდარს, როდესაც მფლობელმა უთხრა, რომ რესტორნის მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებდა და თანამშრომლობა დასრულდა.

ცეცხლაძე “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ ეს ამბავი თავის დროზე არ გაახმაურა, ვინაიდან მის უკან ოჯახი იდგა.  მისივე განცხადებით, ზეწოლა და შანტაჟი გასცდა რესტორნის ინციდენტის ფარგლებს და შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდა სხვადასხვა ფორმით. ამას ტატო ცეცხლაძე თავის ჟურნალისტურ საქმიანობასაც უკავშირებს.

მისი განცხადებით, აშშ-ში პოლიტდევნილის სტატუსით ცხოვრობს, რაც სწორედ საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან მისდამი ზეწოლას უკავშირდება.

ამბავი 2

კიდევ ერთი ისტორია სანდრო სულაქველიძემ გამოაქვეყნა “ფეისბუქზე”. მისი თქმით, პრობლემები 2013 წელს შეექმნა, როცა ბერა ივანიშვილის ტელეკომპანია “GDS-ის” შესახებ “არასასურველი სტატუსი” დაწერა. როგორც ყვება, სტატუსის შემდეგ მასთან 5 ადამიანი მივიდა, რომელთა შორისაც იყო რეპერი “ჯერონიმო”. სულაქველიძე ახსენებს სატელეფონო ზარებსაც.

მე ჯერ ტელეფონით დამემუქრნენ, მერე დამადგნენ და ბოლოს იმით დამთავრდა რომ სტატუსის წაშლა მთხოვეს. ეტყობა მანდაც რამე არ მოეწონა, ისე რომ არ გამოვიდა, როგორც უნდოდათ და მეორე დღეს კიდე დაარეკვინა ვიღაცას, შენ ბოდიში არ უნდა მოგეხადა საჯაროდო?” — წერს ის.

სულაქველიძის თქმით, ის, რაც “ტვ პირველის” ჩანაწერებში მოისმინა, “მოქმედების ზუსტად იგივე სქემა იყო”, რომელიც მის მიმართ გამოიყენეს.

ამბავი 3

ჩანაწერების გავრცელებიდან მესამე დღეს “მთავარ არხს” ქუთაისელი რეპერი გიორგი გურეშიძე ესაუბრა. მისი თქმით, 8 წლის წინ წააშლევინეს კლიპი, რომელშიც ბერა ივანიშვილიც იყო ნახსენები, შემდეგ კი — დაემუქრნენ.

“მაგ დროს იყო ერთ-ერთი რეპერი, არ დავასახელებ შეგნებულად, ყველამ ვიცით იმიტომ, რომ გუშინდელი სიუჟეტიდან ბევრმა ახსენა ეს რეპერი. იმ დროს [ეს რეპერი] იყო ბერას პაიკი, ასე რომ ვთქვათ. გაისმა ჩვენს ტელეფონში მუქარის შემცველი ზარი, სადაც გვემუქრებოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს სიმღერა უნდა წაიშალოს.

როდესაც სიმღერა წაიშალა უკვე, ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი კვირის თავზე… სახლში მოვდიოდი, სადაც დამხვდა ავტომობილი, უცნობი ტიპები მეუბნებოდნენ — დაჯექი მანქანაშიო. პირდაპირ ჩამსვეს და უკნიდან მელაპარაკებოდა 2 ადამიანი, რომელიც მეუბნებოდა ასეთ სიტყვებს: თავს მიხედე, ოჯახს მიხედე და შეეშვი იმ ყველაფერს, რაც გააკეთეო”, — ყვება რეპერი.

ჟურნალისტმა გურეშიძეს ჰკითხა, რატომ ფიქრობს, რომ კლიპი უშუალოდ ბერა ივანიშვილის დავალებით წააშლევინეს. საპასუხოდ ისევ სატელეფონო ზარის ეპიზოდს იხსენებს და დასძენს:

“როდესაც ეს რეპერი მესაუბრებოდა, იმდენად გაბრაზდა, როცა ვეუბნებოდი, რომ არ წავშლი, არ გავაკეთებ, ბოლო-ბოლო რა გინდა-მეთქი, რომ [მკითხა] — დაგალაპარაკოო? — და მომესმა ხმა ტელეფონიდან, კაი, რა, რა უნდა დამალაპარაკო, მიდი რა, შენ მიხედეო და ეს ვიცი, რომ იყო ბერა ივანიშვილი”.

ამბავი 4

“ტვ პირველის” ჩანაწერებს სოციალურ ქსელში ქრისტინე მარტიაშვილიც გამოეხმაურა, მოგვიანებით კი ტელეკომპანიას ინტერვიუც მისცა. მარტიაშვილის თქმით, ბერა ივანიშვილის 2011 წლის კლიპისთვის ბექვოკალი გააკეთა და სწორედ იმ პერიოდში ჰქონდა მასთან და მის გუნდთან შეხება.

როგორც მარტიაშვილი ყვება, ამის შემდეგ კომენტარი დაწერა ბერას ერთ-ერთ ფეისბუქ-პოსტზე, რომელშიც რეპერი ილია ჭავჭავაძის სიტყვებს ციტირებდა. მისი განცხადებით, კომენტარით ბერას აღნიშნული ციტატა “შეუსწორა”, რამაც ივანიშვილის მეგობრის და ამჟამად, “ბლექ სი არენას” დირექტორის მოადგილის, ამიკო ჯანელიძის გაღიზიანება გამოიწვია.

“ამაზე ძალიან აგრესიული იყო მისი მეგობარი ამიკო ჩემ მიმართ… პირადი შეურაცხყოფები იყო ძირითადად, რომ მეტი წიგნი წამეკითხა, აზრზე არ ვარ არაფრის და როგორ გავბედე, რომ ბერას ეს დავუწერე”, — აღნიშნავს მარტიაშვილი.

ამბავი 5

“ტვ პირველის” ჩანაწერებს ფეისბუქზე მოქალაქე ლადო ბენდიანიშვილიც გამოეხმაურა, თუმცა ის სტატუსის გამოქვეყნებამდეც იყო ყურადღების ცენტრში: როგორც წერს, მასალის ეთერში გაშვების შემდეგ მასთან ჟურნალისტები მივიდნენ და ეკითხებოდნენ “დასჯასა და დაშინებაზე”, რომელიც მის მიერ წლების წინ დაწერილ პოსტს მოჰყვა.

საქმე ის არის, რომ ტელეკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში მართლაც ახსენებენ ვინმე ლადოს, რომლისგანაც,”ტვ პირველის” თანახმად, ბერა ივანიშვილს “ბოდიშის მოხდა” სურდა ფეისბუქ-კომენტარის გამო. უცნობია, კონკრეტულად ვისზეა საუბარი ჩანაწერში და გულისხმობენ თუ არა ხსენებულ ლადო ბენდიანიშვილს.

თავად ბენდიანიშვილი ადასტურებს, რომ 2011 წელს, ბერას პოსტზე კომენტარის დაწერის შემდეგ, მასთან მართლაც მივიდნენ “დაცვის თანამშრომლები”, თუმცა ზეწოლასა და დაშინებას გამორიცხავს.

მაშინ ვიყავი 15-16 წლის. ბერას რომელიღაც პოსტზე დავწერე კომენტარი. მიუხედავად იმისა, რომ გინებას და ლანძღვას არ შეიცავდა, არასასიამოვნო კომენტარი ნამდვილად იყო. რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახში მოვიდა დაცვის სამი თანამშრომელი, რომლებმაც გვითხრეს, რომ ისინი, როგორც ოჯახის დაცვა, დაინტერესდნენ იმით, რომ ბერას მისამართით არის მასირებული შეტევა, მუქარები საკმაოდ დიდი ჯგუფისგან და აინტერესებდათ, რა საფუძველი ჰქონდა ამას, რაზეც ვუთხარი, რომ ჩემი მხრიდან არანაირი მუქარა არ ყოფილა და არც რაიმე კონკრეტული პრეტენზია არ მქონდა მასთან.

ამაზე ოჯახის თანდასწრებით ძალიან ზრდილობიანად მთხოვეს თავი შემეკავებინა ისეთი კომენტარებისგან, რომელიც შეიძლებოდა მუქარად აღქმულიყო. რა თქმა უნდა, გავითვალისწინე, რადგან დამუქრება არც მანამდე მიფიქრია. იქიდან არანაირ მუქარას და დაშინებას და, მით უმეტეს, დასჯას ადგილი არასოდეს ჰქონია”, — ვკითხულობთ პოსტში.

ამბავი 6

კიდევ ერთი ისტორია “ნეტგაზეთს” ანა გელბახიანმა გაუზიარა. 2011 წელს მას საკუთარი ბლოგი ჰქონდა. იმ პერიოდში გავრცელებული პრაქტიკა იყო ბლოგერების დაპატიჟება რიგ ღონისძიებებზე, რომელთა შესახებაც მათ სტატიები უნდა მოემზადებინათ ან სურვილისამებრ, ან – ანაზღაურების სანაცვლოდ.

გელბახიანის თქმით, ასე დაპატიჟეს 2011 წლის ზაფხულში ბერა ივანიშვილის კლიპის “Hip-Hop Waltz” პრეზენტაციაზე, რომელიც კინოთეატრ “რუსთაველში” გაიმართა. მისი სიტყვებით, პრეზენტაციის შემდეგ საკუთარი სურვილით მოამზადა სტატია, რომელშიც გააკრიტიკა კლიპიც და შესრულებაც.

“ცოტა უხეშად გავაშუქე, რადგან ძალიან არ მომეწონა კლიპი. სამწუხაროდ, ეს ბლოგი რამდენიმე წლის წინ წავშალე და ეს პოსტიც თან გაჰყვა. არ მახსოვს [ზუსტად], მაგრამ სავარაუდოდ დავწერე, რომ არ მომეწონა და ცუდი შესრულება იყო, უხარისხო მუსიკა იყო და ა.შ.”, — იხსენებს გელბახიანი.

სხვა რამდენიმე ადამიანისგან განსხვავებით, ანა გელბახიანის შემთხვევაში ხისტ ტონს ადგილი არ ჰქონია, თუმცა, როგორც ჰყვება, დაურეკეს და სტატიის გადაკეთება სთხოვეს.

“წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იყო. ქალი იყო, მახსოვს, და მთხოვა, რომ ჩამესწორებინა ნაწერი. მეც ჩავასწორე, არ იყო პრობლემა და გამოვაქვეყნე ხელახლა.

ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე გამეცინა, რადგან შეიძლება, ცოტა სხვა ვითარება ყოფილიყო, მე რომ რეპერი ვყოფილიყავი და ბერას კარიერაზე ან მუსიკალურ შესრულებაზე უფრო ისეთი, მასშტაბური და მნიშვნელოვანი მიძღვნა გამეკეთებინა.

არ იყო უხეში ტონი… თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს ცენზურაა, კი. ვალდებული არ ვიყავი, არავის გადაუხდია ჩემთვის თანხა [სტატიის სანაცვლოდ]. თავისუფალი სტუმრის სტატუსით ვიყავი და იდეაში, რაც მომინდებოდა, ის უნდა დამეწერა”, — აღნიშნავს ბლოგერი.

ამბავი 7

კიდევე ერთი ამბავი დათო აბზიანიძეს ეხება. “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობაში ეჭვი არც მას ეპარება, ვინაიდან 2019 წელს მასაც დაემუქრნენ ბერა ივანიშვილის პოსტზე უარყოფითი კომენტარისთვის და რეპერის უცენზუროდ მოხსენიებისთვის. როგორც ამბობს, მის მიმართ მუქარანარევი და უცენზურო კომენტარის ავტორი ამიკო ჯანელიძეა.

აბზიანიძის თქმით, აღნიშნული კომენტარი მაშინვე დასქრინა, ფეისბუქზე გამოაქვეყნა, მონიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდი და რეაგირებისკენ მოუწოდა უწყებას.

“მე რომ ეს სქრინი საჯაროდ არ დამეპოსტა ორი წლის წინ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო? ვინც არ გამოდო საჯაროდ და გაჩუმდა, რა დამართეს ამ მანიკებმა, კი ნახეთ”, – წერს ის.

დათო აბზიანიძის სქრინი

მმართველ გუნდში გამოძიება საჭიროდ არ მიაჩნიათ

“ქართულ ოცნებაში” კვლავ ირწმუნებიან, რომ მასალები ფაბრიკაციაა, რომელიც 2010-2011 წლებში ჩაწერილი საუბრების ფრაგმენტების უკონტექსტო ნაზავია. მმართველ გუნდში არ ფიქრობენ, რომ ჩანაწერების გარშემო არსებულ შეკითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ამისთვის საკმარისი საფუძველი არ არსებობს.

“გამოძიებას აქვს გარკვეული წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც არსებობს საფუძველი გამოძიების დაწყებისთვის. არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი.

ეს არის 2010-2011 წლების ჩანაწერებიდან გაკეთებული კომპილაციებიო, ხომ იყო ეს ნათქვამი? გამოძიებისთვის თუ არსებობს საკმარისი წინაპირობები, ასეთ შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში არსებობს თუ არა, ამას შეაფასებენ”, — თქვა მან.

ამ საკითხზე ჟურნალისტები მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრის, მიხეილ ყაველაშვილის პოზიციითაც დაინტერესდნენ, რაზეც ასეთი პასუხი მიიღეს:

“რა გამოძიება ახლა, სისულელეა, რა გამოძიება უნდა დაიწყოს? რაზე უნდა დაინტერესდეს [გამოძიება]?”

“დანაშაულის ნიშნები სახეზეა”

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი მმართველი გუნდის რიტორიკას არ იზიარებს. მისი თქმით, გამოძიება ყველა შემთხვევაში უნდა დაიწყოს და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა ჩანაწერების გავრცელების შემდეგ სხვა ადამიანებიც ალაპარაკდნენ.

“რაც ჩვენ ბოლო დღეებში ვნახეთ, შესაძლებელია, იკვეთებოდეს როგორც ძალადობის, ისე მუქარისა და იძულების ნიშნები. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით გამოძიების დაწყებას არაფერი უდგას წინ და აუცილებლად უნდა დაიწყოს.

მაგრამ ასევე ძალიან საინტერესოა ის, რომ თუ დადგინდება, რომ ეს ქმედებები ჩადენილია ამ პირების თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, ვისაუბროთ სამოხელეო დანაშაულებზეც და სამოხელეო დანაშაულებთან მიმართებითაც გამოძიების დაწყებაზე. კერძოდ, უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებითაც”, — ეუბნება სიმონიშვილი “ნეტგაზეთს”.

ამავე პოზიციაზეა თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილიც. მისი თქმით, ჩანაწერები “შეიცავს რამდენიმე დანაშაულის ნიშნებს” და, შესაბამისად, გამოძიების დაწყების წინაპირობაც არსებობს.

“გამოძიების არამარტო საფუძველი არსებობს, ჩვენი კანონმდებლობით არსებობს გამოძიების დაწყების ვალდებულება. ეს პროკურატურის დისკრეცია არ არის, რომ უნდა დაიწყოს და უნდა – არ დაიწყოს. არც რაიმე სტანდარტი არსებობს გამოძიების დაწყებისა, გარდა იმისა, რომ დანაშაულის ნიშნები უნდა იყოს სახეზე.

დანაშაულის ნიშნები სახეზეა იმიტომ, რომ ყვებიან რაღაც ამბავს, რომელიც უკავშირდება მუქარას, შეშინებას, ძალადობას… უბრალოდ, ჩვენ ჯერ არ ვიცით სრული სურათი იმისა, რასაც ყვებიან. მაგრამ რასაც ყვებიან ამ საუბარში, ის შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თავისთავად ცხადია”, — აღნიშნავს მაია მწარიაშვილი.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეფექტური გამოძიების იმედი არ ჰქონია, დარწმუნებული იყო, რომ პროცესი, როგორც მინიმუმ, დაიწყებოდა. თუმცა მმართველი გუნდის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებებმა კითხვები გაუჩინა:

“… დღეს რომ წავიკითხე [სარჯველაძის განცხადება], კიდევ უფრო შემეშინდა… იმდენად ეშინიათ ხელის ხლება ამ საქმეზე… გაცილებით ცუდად არის ესე იგი საქმე, ვიდრე წარმოგვიდგენია. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვისაც კი ეს განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მაღალი მოლოდინები არ მქონია”.

მიუხედავად იმისა, რომ აუცილებლობას თავადაც ხედავს, ყოფილ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, ბოლომდე არ აქვს იმედი, რომ საქმის გამოძიება დაიწყება. პესიმიზმს ნანუაშვილი სამართალდამცავი ორგანოების “პოლიტიზებით” ხსნის.

“არაერთი პოლიტიკური განცხადება მოვისმინეთ, ვხედავთ უკვე პოლიტიკურ განწყობას. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოები არიან პოლიტიზირებული და მათი პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ფაქტობრივად არ არსებობს. ისინი ამ პოლიტიზირების პირობებში ფაქტობრივად დამოუკიდებლად ვერ მუშაობენ და ვერ ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას.

მიუხედავად იმისა, რომელიმე პოლიტიკოსი თუ საჯარო ფიგურა რას იტყვის, აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოები იყვნენ მაქსიმალურად დეპოლიტიზირებულნი და დაიწყონ გამოძიება. მაგრამ აქამდე ვერანაირი კომენტარიც კი ვერ მოვისმინე საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლების მხრიდან”, — ეუბნება ყოფილი ომბუდსმენი “ნეტგაზეთს”.

რა მოხდა მანამდე?

“ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”.

აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ ბერა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან. საუბრის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე ანზორ ჩუბინიძე კი ამბობს, რომ ჩანაწერების გავრცელების მიზანი მმართველი გუნდის გამიზნული დისკრედიტაციაა.

ჯერჯერობით, აღნიშნულ ჩანაწერებს არ გამოხმაურებია არც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და არც ბერა ივანიშვილი. ანზორ ჩუბინიძემ ჩანაწერებს “გაუგებარი” უწოდა და თქვა, რომ მისი გამოქვეყნების მიზანი “მმართველი გუნდის დისკრედიტაციაა”.

ნეტგაზეთი შეეცადა ბერას მეგობარ ამიკო ჯანელიძესთან დაკავშირებას, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

ფარული ჩანაწერი სავარაუდოდ ბერას, ღარიბაშვილისა და ჩუბინიძის მონაწილეობით

მასალების გადაბეჭდვის წესი